თმა: ჯანსაღი და ბზინვარე თმა ქალის მშვენებაა. ნურც
ის დაგავიწყდებათ, რომ თმა, კანის მსგავსად, ყველაზე მეტად ასახავს
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თმის მდგომარეობასა და
ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადება, მედიკამენტების
ხანგრძლივი გამოყენება, ნერვული სისტემის დარღვევები, გადაღლა და მრავალი
სხვა ფაქტორი. თმის სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლის, თამბაქოს,
ყავისა და ჩაის ჭარბი მოხმარება. ჯანმრთელ ადამიანს ხშირი, ჰაეროვანი,
ფუმფულა და ბზინვარე თმა აქვს. თუ სწორი მოვლის მიუხედავად თმამ ბზინვარება
დაკარგა, მსხვრევადი და უხეში გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში
ყველაფერი რიგზე ვერ არის. იმასაც შეგახსენებთ, რომ ხშირი სტრესი, დიეტა,
ფენისა და საღებავების რეგულარული გამოყენება ვნებს თმას. თმა დიდი
რაოდენობით (97%) ცილას შეიცავს. ამიტომ მისი სიჯანსაღისათვის, უპირველეს
ყოვლისა, რაციონალური კვება, კერძოდ, პროტეინებით მდიდარი საკვების მიღებაა
აუცილებელი. თმა რომ ჯანმრთელი და ბზინვარე გქონდეთ, საჭიროა, A, B, C, D,
E ვიტამინებით, იოდითა და კალციუმით მდიდარი საკვები მიირთვათ. ამ
კომპონენტების შემცველი პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები,
ისპანახი, პომიდორი, რძე და მისი პროდუქტები, კვერცხი) ასტიმულირებს თმის
ზრდას და ხელს უწყობს მისი მშვენიერების შენარჩუნებას. თმის სწორი მოვლა
მის დაბანას, მასაჟსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას გულისხმობს.
თავის თმიანი ნაწილის მასაჟი მეტად მნიშვნელოვანია. ის რეგულარული უნდა
იყოს. სასურველია, ჩაიტაროთ ყოველდღიურად, უმჯობესია, დღეში სამჯერ.
მასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ნორმალიზდება ცხიმოვანი
ჯირკვლების ფუნქციობა. მასაჟი თითის დაბოლოებების (ბალიშების) მსუბუქი
ზეწოლით, წრიული მოძრაობებით უნდა გააკეთოთ, კეფიდან დაიწყოთ და თხემისა და
საფეთქლის უბნებზე, დასასრულ კი შუბლზე გადახვიდეთ. მასაჟის დროს კანის
გასრესა არ არის საჭირო, სასურველია, ზეწოლა თავის ქალას ძვლებზე
მოახდინოთ, ყოველი მომდევნო წრე უფრო მეტი ზეწოლით განახორციელოთ. მასაჟის
დროს აუცილებელია შეიგრძნობდეთ ძვალს. მასაჟი 10 წუთზე მეტხანს არ უნდა
გაგრძელდეს.
კისერი კისერი, სახისგან განსხვავებით, საიდუმლოს
ვერ ინახავს. ის უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახე და ხელის მტევნებთან ერთად
ამხელს ქალის ასაკს. ამიტომაც კისერი სისტემატურ მოვლას საჭიროებს, თანაც
ადრეული პერიოდიდანვე, რადგან როცა კისრის კანი ელასტიკურობასა და
მოქნილობას დაკარგავს, დანაოჭდება, მისი მოვლა უკვე დაგვიანებულია,
დაბერების პროცესს ვეღარ შეაჩერებთ. დეფექტების თავიდან აცილება უფრო
ადვილია, ვიდრე აღმოფხვრა - ეს კოსმეტოლოგიის მთავარი პრინციპია. კისრის
კანი განსაკუთრებით ნაზი და მგრძნობიარეა, ადვილად შრება და დუნდება,
ამიტომ მუდმივ მზრუნველობას მოითხოვს. კისრის კანის მოსავლელად განკუთვნილი
კრემები დიდი რაოდენობით წყალს უნდა შეიცავდეს, ვიტამინებითა და
ეპიდერმისის (კანის ზედაპირული შრის) განახლების მასტიმულირებელი
კომპონენტებით იყოს გაჯერებული, ჰქონდეს დამატენიანებელი ეფექტი. კისრის
კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბიოლოგიური
ექსტრაქტების, მცენარეული (ხილისა და ბოსტნეულის) ნივთიერებების შემცველი
ნიღბების გამოყენება. სასურველია, ნიღბებს მარილი ჰქონდეს დამატებული.
ღაბაბისა და კისრის ნაკეცების საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს
სპეციალური ვარჯიშების რეგულარულ ჩატარებას. ვარჯიში აუცილებლად ცივ
მარილიან წყალში დასველებული ნაჭრის კისერზე მსუბუქი დარტყმითი მასაჟით
უნდა შესრულდეს.
ხელის მტევნები ეს სხეულის ის ნაწილია, რომელსაც,
ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად ზოგავს ქალი.
ხელის მტევნები და მათი კანი უძლებს იმას, რასაც სხეულის ვერც ერთი უბნის
საფარველი ვერ გაუძლებდა. არადა ხელებს მოვლილი და მშვენიერი ქალის იმიჯში
უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ. სამწუხაროდ, საქმეს და მტევნების
დატვირთვას ვერ გავექცევით, მათი კანი და ფრჩხილები კი უნდა დაიცვათ,
დაზოგოთ და განსაკუთრებულად მოუაროთ. ეცადეთ, საქმე რეზინის ხელთათმანებით
აკეთოთ. გარდა ამისა:
• ყოველი საქმიანობის შემდეგ და ძილის წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით. • ყოველი დაბანის შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ სპეციალური მკვებავი კრემი, ძილის წინ კი დამატენიანებელი.
ეს მარტივი პროცედურები ყოველდღიურ წესად აქციეთ და ერთი დღეც არ გამოტოვოთ!
მტერი #1 - სტრესი. სტრესი განსაკუთრებულად აისახება
ქალის კანსა და, საზოგადოდ, სილამაზეზე. სტრესის ჰორმონთა (კერძოდ,
ადრენალინის) გაძლიერებული გამოყოფისა და სისხლში ინტენსიური გადმოსროლის
გამო ცხიმოვანი ჯირკვლები მუშაობის შენელებულ რეჟიმზე გადადიან. ხშირი
სტრესის ფონზე იმუნური სისტემაც რამდენადმე სუსტდება, ყოველივე ეს კი
საბოლოოდ კანის გამოშრობას იწვევს. ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონები
უმალვე გრძნობენ ამ ცვლილებას. თუ ქალს ისედაც მშრალი კანი აქვს, მისი
მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. მშრალი კანი უფრო მეტად გამოშრობის
გამო განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, ძნელად უმკლავდება ყოველგვარ
გამაღიზიანებელ ფაქტორს, ანთებასა და ალერგიულ რეაქციებს. ასეთ ვითარებაში
შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ: იძინეთ რაც შეიძლება მეტხანს, ეცადეთ, არ
ინერვიულოთ, წინასწარ დაგეგმეთ მომდევნო დღე, უფრო მეტად დაიტვირთეთ, რათა
სანერვიულოდ ნაკლები დრო დაგრჩეთ. გახსოვდეთ - სიცოცხლე არ არის მხოლოდ
დაბრკოლებებთან ბრძოლა და თავბრუდამხვევი რბოლა; ცხოვრებისგან მხოლოდ
გაკვეთილები კი არ უნდა მიიღოთ, არამედ სიამოვნებაც.
მტერი #2 - თამბაქო. შეგახსენებთ - სტაჟიანი მწეველი
ქალები ყოველთვის გამოირჩევიან სხვათაგან გამომშრალი და მორუხო-მომწვანო
კანით, მოყვითალო კბილებით, თვალის ირგვლივი დამახასიათებელი ნაოჭებით.
სპეციალისტები მოწევის ამ არასასურველ შედეგებს მარტივად ხსნიან: ნიკოტინი
ავიწროებს სისხლძარღვებს, ამის გამო ირღვევა ქსოვილთა სისხლით მომარაგება,
უჯრედები ვეღარ იღებენ სათანადო რაოდენობის ჟანგბადსა და საკვებ
ნივთიერებებს. თამბაქოს მოწევისას შხამიანი ნივთიერებები სისხლში გადადის,
ხდება ქსოვილთა გაჯერება მავნე პროდუქტებით, ეს კი ხელს უშლის უჯრედთა
რეგენერაციას (განახლება-გამრავლებას). ამ პროცესთა გამო კანი
ელასტიკურობას კარგავს, ნაადრევად ბერდება და ფერს იცვლის. ამ ნეგატიური
ცვლილებების განეიტრალება ზოგჯერ ჩ ვიტამინით არის შესაძლებებლი, თუმცა ეს
ანტიოქსიდანტი პერიოდულად, შეუძლოდ ყოფნის, გაციების ან გრიპის ეპიდემიის
დროს კი არ უნდა მიიღოთ, არამედ ყოველდღიურად.
მტერი #3 - ყავა. ყავის ჭარბად მომხმარებლებიც
შორიდანვე გამოირჩევიან სახის თავისებური ელფერითა და, რაც მთავარია,
სახეზე უწვრილესი, ძაფისებრი კაპილარებით. ქალების დიდი ნაწილი ყოველივე
ამას ტონალური კრემით ნიღბავს. საქმე ის გახლავთ, რომ კოფეინი
სისხლძარღვებს აფართოებს, შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის
პარალიზებას ახდენს და ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას. სპეციალისტები
მიიჩნევენ, რომ დღეში მაქსიმუმ ორი ფინჯანი ყავის დალევაა ნებადართული. თუ
რომელიმე ქალისთვის ეს მეტისმეტად ცოტაა, შემდეგ მწვანე ჩაის დალევას
ურჩევენ. მწვანე ჩაი, ყავის მსგავსად, კარგი მატონიზებელი საშუალებაა და,
რაც მთავარია, ყავისაგან განსხვავებით, ზიანი კი არა, პირიქით, სარგებლობა
მოაქვს ორგანიზმისათვის.
მტერი #4 - კედლები. დახშულ სივრცეში ხანგრძლივად
ყოფნა ადამიანს დიდ ზიანს აყენებს. უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმი განიცდის
ჟანგბადისა და მზის სინათლის მნიშვნელოვან ნაკლებობას, ამის გამო ირღვევა
ორგანოთა სისხლით მომარაგება და მათში ნივთიერებათა ცვლის პროცესები
ნელდება. შედეგად კუნთთა ტონუსი ქვეითდება, კანი ფერს კარგავს და ბერდება.
კედლების გამო ადამიანს ფიზიკური დისკომფორტის გარდა ფსიქიკური პრობლემებიც
უვითარდება. ხანგრძლივად ყოფნა არც კონდიციონერით აღჭურვილ
დაწესებულებებშია რეკომენდებული, მით უმეტეს მთელი დღის განმავლობაში -
დადებითი იონიზაციის გამო კანი შრება, ნაოჭდება, ნერვული სისტემის
ფუნქციობა და ორგანიზმის ცალკეულ სისტემებში ნივთიერებათა ცვლა ფერხდება.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ერთკაციანი საკანი, კეთილმოწყობილი და
კომფორტულიც კი, მოძრაობისა და სხვებთან ურთიერთობის სიამოვნებას ართმევს
პიროვნებას. სიცოცხლე ვერ იქნება ჯანსაღი მშვენიერებისა და სიცოცხლით სავსე
ღიმილის გარეშე, აღტაცებისა და თვალებში ნაპერწკლების გარეშე. ყოველივე ეს
კი ქალებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მტერი # 5 - ცხიმები. ბევრმა შესაძლოა არც კი
დაიჯეროს, რომ საყვარელი შოკოლადი, რომელიც 35% ცხიმსა და 60% შაქარს
შეიცავს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ქალის სილამაზეს. დიდი ხანია ცნობილია,
რომ ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებები ყოველთვის პოულობენ გამოსასვლელს.
სახეზე არასასურველი გამონაყარი (ზოგჯერ - ფერიმჭამელებიც) ხშირად ჭარბი
ცხიმის შედეგია. დიეტოლოგებისა და კოსმეტოლოგების რეკომენდაციით, თუ
ტკბილეულის გარეშე არ შეგიძლიათ, მაინცდამაინც შოკოლადს ნუ მიეძალებით,
უკეთესი იქნება, ის ტკბილი ხილისა და ყურძნის (ქიშმიში) ჩირით შეცვალოთ.
ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჭარბი წონა ძნელად აღმოსაფხვრელი პრობლემაა.
ამიტომ მაინცდამაინც ცხიმიან საკვებს, ცხიმიან ღორის ხორცს, ძეხვეულსა და
შებოლილ პროდუქტებს ნუ მიეძალებით, უპირატესობა ბურღულს, ხილსა და
ბოსტნეულს მიანიჭეთ. უპირატესად ფრინველის ხორცი და მცენარეული ზეთი
მიირთვით, ივარჯიშეთ, იმოძრავეთ. ყოველივე ამით ფორმასა და სილამაზეს უფრო
ადვილად შეინარჩუნებთ.
|