1. ხშირად მოგმართავთ თუ არა გამვლელი კითხვებით: როგორ მივიდე .. მისამართზე, ხომ ვერ მიმასწავლით, რომელი ტრანსპორტი სჯობსო? თუ
ეს ძალიან იშვიათად ხდება, ე. ი. ნაღვლიანი, ბრაზიანი, ბოროტი, ან
ჩაკეტილი ადამიანის გამომეტყველება გაქვთ. ადამიანებისგან თავს შორს იჭერთ.
თქვენი საქმეა, როგორ მოიქცევით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საპასუხოდ
ისინიც განაპირდებიან და თქვენთან ურთიერთობის, თუ თქვენი თანაგრძნობის
სურვილი აღარასდროს გაუჩნდებათ.
სავარჯიშო: დილით
სარკეში თქვენს ანარეკლს შედარებით დიდხანს არ მოაშოროთ თვალი. მერე ენა
გამოუყავით: ეს გაგამხიარულებთ და გაიღიმებთ. მაშინ კი შეჩერდით,
დააკვირდით თქვენს სახეს და დაიმახსოვრეთ - ზუსტად ასეთი და არა გაბუტული
და ბრაზიანი გამომეტყველება უნდა გქონდეთ მთელი დღის განმავლობაში. შინიდან
გამოსვლამდე საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ მთელი დღე ასეთი იქნებით.
2. ამჩნევთ თუ არა ქუჩაში, დერეფნებში, ავტობუსში, მეტროში ადამიანების სახეებს? თუ
- არა, ე. ი. საკუთარ თავში ჩაძირული დაიარებით. ეს ცუდია - არა მარტო
ეთიკური, არამედ ყოფითი თვალსაზრისითაც: როცა აუცილებელი იქნება,
თანამოსაუბრის გრძნობები ან განზრახვა რეალისტურად აღიქვათ, ამას ვერ
შეძლებთ და თქვენსავე შეთხზულს და ნააზრევს ადვილად მიიღებთ სინამდვილედ.
სავარჯიშო: ვთქვათ
ტრანსპორტში ხართ, არც ისე მოშორებით ვინმეს დააკვირდით. ეს დელიკატურად
გააკეთეთ - ადამიანს აღიზიანებს, როცა ვინმე თვალს არ აშორებს და
შეისწავლის. თუ თქვენი მზერა დაიჭირა, სასწრაფოდ მიბრუნდით. და მერე სცადეთ
აღიდგინოთ მისი სახე. წარმოიდგინეთ ეს ადამიანი მხიარული, კეთილი, გულღია,
მაგალითად, საღამოს წვეულებაზე ან ახლობლების წრეში. როცა ამ სურათს
ფერებითაც შეამკობთ, შემდეგ საწინააღმდეგო სურათიც დახატეთ: ეს უცხო
ადამიანი მრისხანების და გაღიზიანების დროს... თუ თანამგზავრი ჯერ კიდევ
თქვენკენ აპარებს თვალს, მეგობრულად გაუღმეთ და ისევ მობრუნდით. თუ
ნაცნობობის გაბმა არ გაქვთ გადაწყვეტილი, მისკენ ყურების უფლება მეტად აღარ
გაქვთ.
3. უსმენთ თუ არა იმას, რასაც სხვები ამბობენ? უცნაურად
მოგეჩვენებათ ეს კითხვა: ველაპარაკები, ე. ი. კიდეც მესმის. მაგრამ ის თუ
შეგიძლიათ: მოუსმინოთ და საკუთარ თავზე კი არა, მოსაუბრეზე იფიქროთ? თუ ეს
არ გამოგდით, თქვენს ცხოვრებაში არც ისე იშვიათია უაზრო წვრილმანების გამო
ატეხილი კამათი და ჩხუბი - "გაუგებრობა”, რომელთა გახსენებისაც კი
გვრცხვენია ხანდახან...
სავარჯიშო: მეგობრების
წრეში, სადაც ჩვეულებრივ ყველაფერზე ლაპარაკობთ, რაც თავში მოდის, როგორმე
უღალატეთ ჩვევას, არ გააწყვეტინოთ სხვას და მოუსმინეთ. მოსმენისას
იფიქრეთ: "ნეტავ, რატომ ამბობს ამას? მართლა მხიარულია თუ თამაშობს? მართლა
მოწყენილია, თუ საინტერესოდ გვაჩვენებს თავს? და თუ თამაშობს, რისთვის?”
წარმოიდგინეთ, რომ ის - თქვენ ხართ, და გამოიცანით, როგორი ჩანხართ ამ წამს
მის თვალში. რაც უნდა მოხდეს, როგორი ძნელიც უნდა იყოს, ისე განეწყვეთ,
რომ აზრითაც არ განსაჯოთ ადამიანი, არ იგრძნოთ საკუთარი უპირატესობა -
უბრალოდ ძალიან ეცადეთ, გამოიცნოთ მისი სულიერი მდგომარეობა.
სხვათა შორის, თუ ასე ხშირად მოიქცევით ხოლმე, ძალიან მალე ბევრი ნაცნობი მოგეკედლებათ და თქვენთან შეხვედრა უფრო მეტად გაეხარდებათ.
4. გაქვთ თუ არა უნარი, ემოციურად დადებითად დამუხტოთ, გაათბოთ თანამოსაუბრე? ანუ
ისე მოქცევა თუ შეგიძლიათ, რომ ის თქვენთან გულახდილი, ძალდაუტანებელი და
გულღია იყოს? თუ ეს არ გამოდის, როგორც ჩანს, ურთიერთობა მეგობრებთანაც
"ფორმალურია”. ამ ურთიერთობაში (დიდ კეთილგანწყობასთან ერთად) რაღაც
შებოჭილობა, არაბუნებრიობა და არაგულწრფელობაა. როცა ერთ-ერთი ცუდადაა,
მეორის ნახვას არ ცდილობს, მისგან ნუგეშს არ მოელის და იმიტომ.
სავარჯიშო: დააკვირდით,
როგორ მუშაობენ სხვები და როგორც კი საბაბი მოგეცემათ, შეაქეთ ან
გაამხნევეთ. მაგალითად, ხედავთ, როგორ სწრაფად და მოხერხებულად ჭრის
გამყიდველი ძეხვს, უთხარით არც ისე ხმამაღლა და ღიმილით: "რა მარჯვედ
გამოგდით!” მორცხვი ხართ, მაგრამ აჯობეთ თავს და უთხარით. გასაგებია,
რატომაც გაუხერხულებათ: ქალაქური ცხოვრების აჩქარებული რიტმი, ქუჩაში თუ
დაწესებულებებში ათასობით ადამიანის სახის კოლეიდოსკოპივით ცვლა,
სამწუხაროდ, გადაგვაჩვევს ხოლმე ერთმანეთისთვის სასიამოვნოს თქმას და
თითოეული უხეშობისა და სიმკვეთრისთვის უფროა განწყობილი, არც სხვისგან ელის
სანუგეშოს. ამიტომ, კეთილმა სიტყვებმა შეიძლება გააკვირვოს გამყიდველი.
გამორიცხული არაა, იფიქროს: ნეტა, რა უნდა ჩემგანო. ოღონდ ამას ყურადღებას
ნუ მიაქცევთ: თქვენ ხომ მაინც ზუსტად იცით, რომ მისგან არაფერი გინდათ?!
მხოლოდ
ასეთი სავარჯიშო, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს გასწავლოთ მხარდაჭერის,
სითბოს გადაცემა, მაგრამ ამ მიმართულებით ბილიკს მაინც გაგაკვლევინებთ.
გათავისუფლდებით ჩვევისგან, რომლის გამოც მანამდე ადამიანის მიმართ დადებით
დამოკიდებულებას გულმოდგინედ მალავდით.
5.
მისაღებში დიდხანს შეჩერება ხომ არ გჩვევიათ მაშინ, როცა მასპინძელს უკვე
დიდიხანია დაემშვიდობეთ (ვარიანტი: სატელეფონო საუბარს, ან მიწერ-მოწერას
უსაგნოდ აგრძელებთ, არადა ყველაფერი ნათქვამია)? თუ ეს ჩვევა თქვენთვის უცხო არაა, ზოგი ადამიანი, ვისი აზრიც ალბათ თქვენთვის სულ ერთი არ არის, მოსაწყენად ჩაგთვლით.
სავარჯიშო: როცა
ორივესთვის არც ისე მნიშვნელოვან საკითხზე (ოღონდ შეამოწმეთ, მართლა
უმნიშვნელოა, თუ - არა) საუბრობთ, ისწავლეთ საათზე დახედვის შემდეგ საუბრის
შეწყვეტა: უკაცრავად, დამგვიანებია, უნდა ვიჩქარო, სხვა დროს დავასრულოთო,
იტყვით და მაშინვე გაუდგებით გზას. თუ ისეთი შთაბეჭდილება ან შეგრძნება
დაგრჩათ, რომ თანამოსაუბრე ნაწყენი იქნება, მოგვიანებით გამასწორეთ:
მოძებნეთ, დაურეკეთ, მოუბოდიშეთ. ამას ეშველება. სამაგიეროდ, თქვენ საკუთარ
თავს მიაჩვევთ და ასწავლით, რომ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი საზრუნავი
აქვათ, არ უნდა "მიეწებო”...
|