მთავარი » 2011 » მარტი » 16 » აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა
7:38 PM აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა |
დაახლოებით ერთი საათის წინ, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა - კატალონიური კლუბის მარცხენა მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა და მას ოპერაცია პარასკევს ჩაუტარდება.
თავად ფეხბურთელის სურვილით, "ბარსელონა" გულშემატკივრებს სთხოვს, რომ მათ მაქსიმალური პატივისცემა გამოიჩინონ აბიდალის პირადი ცხოვრების მიმართ.
ჯერჯერობით, მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია, კეთილთვისებიანია სიმსივნე, თუ ავთვისებიანი. ოფიციალურად არც ის ხმაურდება, როდის დაუბრუნდება აბიდალი თამაშს, ან დაუბრუნდება, თუ არა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ფრანგი მარცხენაფლანგელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით, აბიდალისადმი მხარდაჭერა უკვე გამოხატეს კაკამ, ჯუზეპე როსიმ, სესკ ფაბრეგასმა, ლუკას ლეივამ, ანდრეს ინიესტამ, კარლეს პუიოლმა, მარკ კროსასმა, ლუის ენრიკემ, რაიან ბაბელმა და რიო ფერდინანდმა. ამ უკანასკნელმა, "მარსელთან" ჩატარებული მატჩიდან რამდენიმე წუთში გააკეთა კომენტარი.
ეჭვგარეშეა, რომ აბიდალის არყოფნა "ბარსელონასთვის" დიდი დანაკლისი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამპლუით მარცხენა მცველია, მიმდინარე სეზონში, ფრანგს ძირითადად დაცვის ცენტრში უწევდა თამაში და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს, ამ პოზიციაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
|
კატეგორია: სპორტი |
ნანახია: 872 |
დაამატა: GaGi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|