მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:29 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » ბადეც საჭირო გახდა და პეპლების ძებნაც...
9:54 PM
ბადეც საჭირო გახდა და პეპლების ძებნაც...
ბადით ''პეპლების'' დევნას და დაჭერას არასდროს დავიწყებ! - ამაყად ამბობდა მეზობელი გოგონა ერთ საღამოს. და, რა თქმა უნდა, პეპლებში მამაკაცებს გულისხმობდა... ეს რამდენიმე წლის წინ იყო. რა დასამალია და - მაშინ (გულში) ერთადერთი მსმენელიც დაეთანხმა...

გავიდა დრო, დიდი, მაგრამ ობიექტური მოთხოვნების წესიერი, ზრდილობიანი და თავმდაბალი გოგონასთვის დიდ ქალაქში საყვარელი მამაკაცის მოძებნა ნამდვილ პრობლემად გადაიქცა და როცა მომდევნო დაბადების დღე უკან დარჩა, სიტყვა "შინაბერა” ჰორიზონტზე ავისმომასწავებელ შუქურასავით აციმციმდა.

გადაწყვეტილება:
დასრულდა უფლისწულის ლოდინი, მოქმედების დროა!

"ოდისეის” სამზადისი
"ბადეც საჭირო გახდა და პეპლების ძებნაც... უფრო დიდ პრობლემს ის ქმნიდა, რომ ჩვეულებრივ პეპლებს კი არ ვეძებდი, დროდადრო თვითონ რომ მოფრინდებოდნენ ხოლმე; ვეძებდი უნიკალურ, იშვიათ, ნახატებით მდიდარ და მრავალფეროვან პეპელას.

საკუთარი თავის ყველა ნაკლი და ღირსება ავწონ-დავწონე და როცა დავასკვენი, რომ მამაკაცებს სილამაზე კი არა, თავდაჯერებული, მოვლილი, ჭკვიანი და გარკვეული შარმით აღჭურვილი ქალი აბამთ მახეში, დაჟინებით დავიწყე ამ თვისებების საკუთარ თავში ძებნა. აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მართლაა ჩემში. გარწმუნებთ, იმ ჯგუფს არ ვეკუთვნი, ვინც შესანიშნავ თმას, უგრძეს ფეხებს და იდეალურ, უნაკლო ტანს ფლობს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველა ქალს თავისი, განსხვავებული იდუმალება და ხიბლი აქვს.

წინდაწინ ვიცოდი, რომ ადვილად ცხოვრების თანამგზავრის პოვნა არ გამოვიდოდა. ინტელექტი, წესიერება, ერთგვარი პრინციპულობა, სიმამაცე და სანდოობა ჩემი არჩევანის მთავარი კრიტერიუმები იყო. თანატოლები მაშინვე გამოვრიცხე – ნახევარიც კი ვერ მიწვდებოდა ჩემს დაწესებულ ზღვარს. მაშასადამე, უნდა მეძებნა სადღაც სხვაგან და ღამის კლუბი მომაგონდა.

ღამის კლუბი
ჩემი ერთი ემოციური, ემანსიპირებული ნაცნობი ასეთი დაწესებულების მუდმივი სტუმარი იყო და მარწმუნებდა, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანის ხასიათი სრულად იხსნება და ყველანაირი კომპლექსი და შებოჭილობა ზღურბლს უკან რჩებაო. დავუჯერე, მაგრამ სრული იმედგაცრუება და გაოცება შემრჩა. კლუბში მრავალფეროვნებაა: ერთი - ხალხში ახლახან გამოსული და უკვე საკმაოდ სოლიდური მატერიალური რესურსების მფლობელი ახალგაზრდების ჯგუფი, ცოტა არ იყოს უხეში და მკვეთრი ხუმრობებით; და მეორე: უდარდელი სტუდენტები, მწვანეწამწამებიანი, ფერადთმიანი და უზრუნველი გოგო-ბიჭები. თავი ვერცერთ ჯგუფს რომ ვერ მივაკუთვნე, დაბნეულ თეთრ ყვავად გდავიქეცი, წამოსვლაზე უკეთესს რაღას ვიზამდი და წამოვედი. ვბრუნდებოდი სახლში და ვფიქრობდი: როგორ უნდა შეძლოს დილიდან დაღამებამდე დაკავებულმა ჩემმა ინტელექტუალურმა მამაკაცმა სამსახურის შემდეგ ასეთ დაწესებულებაში მოსვლა და ცეკვა-თამაში? ერთადერთი პასუხი არსებობდა: ვერ შეძლებს!

მეორე დღეს დაქალის დაბადების დღეზე წავედი.

მეგობრების წრე
დამკვიდრებული აზრია, ყველაზე ადვილი გაცნობა ახლობელთა წრეშია. იქ გაცნობაც არაა საჭირო, თვითონ მასპინძლები გაგაცნობენ და რამდენიმე წუთში შეგიძლია მსუბუქად და ძალდაუტანებლად გააბა საუბარი მოდის სიახლეებსა და ქალის ჯანმრთელობაზე სტუმრადმოსულ მდედრობით სქესთან და ახალმიღებული კანონის გამო აღშფოთება გამოხატოთ გვერდით მოკალათებულ მამაკაცთან. სხვათა შორის, იმ დღეს პოლიტიკურ დებატებში ჩემი მონაწილეობა დამსახურებისამებრ შეფასდა და ერთმა ძველმა ნაცნობმა ჩემს გასაცილებლადაც გამოიდო თავი. სად იყო და სად არა, უცებ მზრუნველმა დიასახლისმა ჩუმად გვერდზე გამიხმო და ფრთხილად, მაგრამ ქალურად აღფრთოვანებულმა მაუწყა: ამ კაცს ცოლიც ჰყავს, შვილიც, არ ღირს მისი მზრუნველობის აყოლა, რადგან შეუძლებელია აქედან რამე კარგი გამოვიდესო. შინ მარტო დავბრუნდი.

ქუჩა
წიგნების მაღაზიაში შევიარე და შინ ვბრუნდებოდი. გაჩერებაზე დიდხანს მომიხდა ლოდინი და ერთი სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი შევნიშნე. მივხვდი, იმავე მაღაზიიდან გამოვიდა, სადაც მე ვიყავი. ჩემი მზერა იგრძნო ალბათ, შემომხედა და დამაკვირდა, მერე ისევ რაღაცის გადაფურცვლას შეუდგა. რაღა გავაგრძელო, გავიცანით ერთმანეთი, სამხედრო პირი აღმოჩნდა, თანაც ცნობილი თავადური გვარის, საკმაოდ ლამაზად და აზრიანად ლაპარაკობდა. "აი, თურმე რა მიწინასწარმეტყველა იმ ბოშამ”- გამახსენდა ძველისძველი ამბავი და მოვემზადე თავბრუდამხვევი რომანისა და დიდი ბედნიერების შესახვედრად. ერთი-ორჯერ შევხვდით და ჩემი ყველა ოცნება სადღაც აორთქლდა, როგორც კი ადამიანის ცხოვრებაში ჰოროსკოპების მნიშვნელობაზე თავისი თეორია გამაცნო. მისი აზრით, მეგობრები, მეუღლე, საყვარლები მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით უნდა აარჩიო, ბავშვებიც ასე უნდა დაგეგმო - იმავე პრინციპით. "უკაცრავად, მაგრამ გეგმის მიხედვით რომ არ გამოვიდეს?!”- გასაგები მიზეზით შევეწინააღმდეგე და სავსებით ლოგიკური პასუხი მივიღე: ზუსტად იმისთვისაა დაგეგმვის მეცნიერება, რომ მაქსიმალური სიზუსტე იყოს და მინიმალური ცთომილებაო. საბოლოოდ ამერია თავგზა და მზიან კურორტს მივაშურე, რომ ცოტახნით მაინც მეგრძნო შვება.

საკურორტო რომანი
ზღვა მარტო მზით და უკიდეგანო სილამაზით კი არ შემხვდა, საკურორტო რომანების მთელი კოლეიდოსკოპი დამახვედრა. ერთი სასიამოვნო ყმაწვილის საზოგადოებამ მოგზაურობა რომანტიკულ დასვენებად გადამიქცია. და წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებული და გაოცებული დავრჩი, როცა შინ დაბრუნებულს, რამდენიმე კვირაში მზიანი ქალაქის კავალერმა ჩამომაკითხა.

...ქალაქის ერთ ხმაურიან ქუჩაზე შევხვდით, თავზე გვათოვდა, წამწამებზე ფიფქებითა და ყინვისგან აღაჟღაჟებული ლოყებით ჩემი სამხრეთელი უფლისწული ისეთი სულაც აღარ იყო, როგორც ზღვის სანაპიროზე და ოქროსფერ ქვიშაზე. ზღაპარი ისევ დასრულდა.

ინტერნეტი
სულ დავიბენი და გადავიღალე. შემდეგ მანამდე ამაო ძიება ახალი მიმართულებით წარვმართე. მაინც როგორ მიხაროდა პასუხის გაცემას რომ ვერ ვასწრებდი და ფუტკარივით მეხვეოდა ამდენი წერილი. აი, აქ კი ნამდვილად ვიპოვი, - ვფიქრობდი. აქ, ჭკვიან კაცებში მელოდება ჩემი ერთადერთი-მეთქი. რამდენიმე თვის მანძილზე ვხვდებოდი ხან ერთ, ხანაც მეორე ვირტუალურ თაყვანისმცემელს. პირველი და უკანასკნელი შეხვედრები: რაღაც არ ეწყობოდა. ერთი გაუთავებლად თავის საყვარელ კატაზე ყვებოდა ამბებს, მეორე ზედმეტად მორცხვობდა და სახეზე ფერები გადასდიოდა, მესამე მაგიით იყო გატაცებული (მაშინ აღმოვაჩინე, რომ ასეთი ცოდნის მიმართ მიდრეკილება კაცში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, მამაკაცურს, ჯანსაღს, ფხიზელს და რაციონალურს კლავს), მეოთხეს და მეხუთეს კიდევ ახალი მისეული "ნიშანი" ჰქონდა. ფაქტობრივად, ყველა კანდიდატმა (მათი რიცხვი 20-ს აჭარბებდა) იმედი გამიცრუა და დამანაღვლიანა.

ეს ძიებაც მივატოვე და ჩვეულებრივ ყოველდღიურობას დავუბრუნდი, ყველანაირი ძიების და გამოცდების გარეშე. და კიდევ: ვიფიქრე, პეპლების დევნა არ ღირს, სჯობს, თვითონ პეპლები მოფრინდნენ ჩემს შუქზე-მეთქი. გავიდა დიდი, ძალიან დიდი დრო...

"ოდისეის დასასრული” - ბედნიერების დასაწყისი
ერთ საღამოს შინ დაღლილი და რაღაცით განაწყენებული დავბრუნდი, კომპიუტერს მივუჯექი, დაქალისთვის უნდა მიმეწერა. საფოსტო ყუთში წერილი დამხვდა, სამი თვის წინ განთავსებულ ანკეტაზე დაგვიანებული პასუხი. წავიკითხე, გული საგულედან ამოვარდა, კეთილშობილი რაინდების სამყაროში აღმოვჩნდი. მივხვდი - ეს ოყო ის ერთადერთი. დიდხანს, ძალიან დიდხანს არ შევხვდით ერთმანეთს იმის შიშით, ლამაზი ზღაპარი არ გავაცამტვეროთო. ერთმანეთზე ყველაფერი რომ გავიგეთ, ასობით წერილი რომ დავწერეთ, სანუკვარი აზრები და ოცნება რომ გავუზიარეთ, ბოლოს და ბოლოს დავთქვით შეხვედრა...

ახალი ზღაპარი დაიწყო - ვირტუალური ცხოვრებაზე არა ნაკლებ ბედნიერი, ლამაზი და ნათელი...

კითხვის ნიშანი?
დღემდე ვერ გამირკვევია, მე თვითონ ვიპოვე თუ შემთხვევითობებით და დამთხვევებით მოთამაშე ბედისწერამ მაჩუქა. ღირს კი, ამდენი ძალა შეალიო ძებნას, თუ მაინც სჯობს, დაელოდო და მერე ბედი დაგაჯილდოვებს მოთმინებისა და იმედისთვის? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ სამყარო რომ ყველაზე უცნაური, მოულოდნელი და წარმოუდგენელი ნაცნობობებითაა სავსე - ყველა ქალმა იცის.

"ერთი სიტყვით”
გაიცანით სადაც გინდათ, როგორც გინდათ და როცა გინდათ. მთავარია, არასდროს დაგტოვოთ აზრმა, რომ შესაძლოა სწორედ ეს ნაღვლიანი ადამიანი, ან ის თავაწეული ყმაწვილი - თავმომწონედ რომ მოაბიჯებს, ან, აი, ის ჩაფიქრებული თანამშრომელი არის თქვენი საყვარელი, ერთადერთი და განუმეორებელი მომავალი მეუღლე. და სანამ თქვენ, მზრუნველი და ნაზი ღიმილით დამშვენებული "პოტენციური მეუღლეების” შემყურე, ტკბილად იოცნებებთ; სავსებით შესაძლებელია, ვინმე ფრთხილად მოგიახლოვდეთ და დაწყებული წვიმისგან თქვენს დასაფარად ქოლგა გაშალოს; ან ძველმა ნაცნობმა დარეკოს და თქვენი ნახვა მოინდომოს; ხომ შეიძლება სამსახურში დაგხვდეთ ახალგაშლილი ვარდი საიდუმლო თაყვანისმცემლისგან, რომელსაც ყველაფრისთვის ფარდის ახდა განუზრახავს და მზად არის თქვენთვის მტკიცე საყრდენად იქცეს. ან იქნებ ერთ ჩვეულებრივ დღეს, სრულიად უჩვეულო სიტუაციაში გამოგეცხადოთ რჩეული, და მერე რაც უნდა ეცადოთ - ვერასდროს მიხვდებით: თქვენ იპოვეთ "ის” ამ გადარეულ სამყაროში, თუ "მან” გიპოვათ...

კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 1147 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz