მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:33 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ბუნებრივი სილამაზე
2:56 PM
ბუნებრივი სილამაზე
მეცნიერებმა არ დაიზარეს და გამოთვალეს, რომ ადამიანის სახეზე ყოველდღე 500-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება ხვდება. ქალი საშუალოდ 13 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებას იყენებს, რომლებშიც უამრავი უცნობი თუ ნაცნობი ნივთიერებაა თავმოყრილი: ტუჩსაცხში – 33-მდე, ლოსიონში – 32-მდე, ხელის კანის დამატენიანებელ კრემში – 11-მდე...

მეცნიერთაგან განსხვავებით, ჩვეულებრივმა დიაცმა სულაც არ იცის კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა, მაგრამ არ შეიძლება, კითხვა არ გაუჩნდეს: ამდენი ქიმია კანს ხომ არ ავნებსო? სუსტმა სქესმა არც ამ კითხვის ზუსტი პასუხი იცის, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მაინც აღმოაჩინა საშუალება, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს. მართალია, ამგვარი კოსმეტიკა სინთეზურზე გაცილებით ძვირია, მაგრამ კვლავაც სტატისტიკის წყალობით ვიგებთ, რომ ქალების 55% მზად არის, ბუნებრივ და, შესაბამისად, უვნებელ ნაწარმში მეტი თანხა გადაიხადოს. საკმარისია, კოსმეტიკურ საშუალებას "ბიო” წააწერონ, რომ მისდამი ნდობა ერთიორად იზრდება. ნუთუ სიტყვა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას – "სიცოცხლეს” აღნიშნავს, სიცოცხლისთვის (კანის უჯრედების სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობთ) მართლა უვნებელია?

ბიოეპოქა:
ყველაფერი XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ინდუსტრიის აყვავებამ ნავთობის გადამუშავების პროდუქტთა სიჭარბე გამოიწვია, საზოგადოების ჭკვიანმა და დაკვირვებულმა ნაწილმა კი აღმოაჩინა, რომ ამ ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენების უტილიზაცია შესაძლებელი იყო, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, კოსმეტიკურ ინდუსტრიად წოდებულ წარმოებაში, რომელზეც მოთხოვნა, სავარაუდოდ, მაღალი უნდა ყოფილიყო. ასე დაიწყო სინთეზური კოსმეტიკის ეპოქა თავისი ემულგატორებით, გამხსნელებით, დამატენიანებლებით...
მოგვიანებით საზოგადოების მეორე, უფრო დაკვირვებულმა ნაწილმა იმარჯვა და სცადა, დროულად შეეჩერებინა "ხელოვნური” კოსმეტიკის ბუმი. კოსმეტიკისა, რომელიც კანზე ერთობ ნეგატიურად მოქმედებდა. სწორედ ამგვარი საშუალებების ალტერნატივად შეიქმნა ბუნებრივი პროდუქცია.

ბიოკოსმეტიკას თავისი კანონები აქვს. მაგალითად, ბუნებრივი ინგრედიენტების ხვედრითი წილი მასში 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ნედლეული ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში უნდა იზრდებოდეს, ტესტირება ცხოველებზე არ უნდა ტარდებოდეს, ბაზარზე გატანამდე პროდუქცია უმკაცრეს კონტროლს უნდა გადიოდეს...
ყოველივე ამის გათვალისწინებით, კოსმეტიკის არჩევა ძნელია, თუმცა არსებობს შოპინგ-ხრიკები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს:
პირველ რიგში, ინგრედიენტების ჩამონათვალი გადაიკითხეთ. სიის დასაწყისთან რაც უფრო ახლოს არის პროდუქტი, მით უფრო მეტია მისი ხვედრითი წილი. მაგალითად, თუ ათკომპონენტიან კრემში ალოე ვერა ბოლოდან მეორეა, მისი მოქმედება ფაქტობრივად მიზერულია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ კოსმეტიკურ საშუალებაში ბუნებრივი ინგრედიენტები ერთობ მოკრძალებულად არის წარმოდგენილი.
ნუ გეგონებათ, რომ ბიოპროდუქციაში ქიმიური ნივთიერებები საერთოდ არ არის. კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე კოსმეტიკის წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია – მათ გარეშე კრემები და ლოსიონები რამდენიმე საათს თუ გაძლებს! თუმცა ბიოკოსმეტიკურ ნაწარმში ეს დანამატები მიზერული ოდენობით უნდა შედიოდეს.
ბუნებრივ კოსმეტიკაში არამც და არამც არ უნდა იყოს საღებავები და სურნელის მიმნიჭებელი საშუალებები. ბიოკრემი ვერ იქნება ვერც ვარდისფერი და ვერც ქათქათა თეთრი. მისი ბუნებრივი ფერი მოყვითალოა, იშვიათად – მომწვანო, ხოლო თუ აზულენს შეიცავს, მოცისფრო ელფერი დაჰკრავს (აზულენი ანთების საწინააღმდეგო, კანის დამაამებელი საშუალებაა, რომელსაც გვირილისა და ფარსმანდუკისგან იღებენ).
რაც შეეხება სახელწოდებას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა – "ორგანიკ”, "ბიო” თუ "ეკო”; სამივე კოსმეტიკური საშუალების ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს.

ბიოსაიტების შავი სია:
ბიოპროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს თავიანთ ვებგვერდებზე ჩამოთვლილი აქვთ ის ნივთიერებები, რომლებიც არამც და არამც არ უნდა შედიოდეს ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებებში.

"შავ სიაში” მოხვდა:
პარაბენები, ტრი და დიეთანოლამინი (ტეა, დეა ან აბრევიატურა შესაბამის ენაზე) – მათ ძლიერ კანცეროგენებად მიიჩნევენ; ნატრიუმის ლაურინსულფატი – ეს ქაფწარმომქმნელი ნივთიერებაა, რომლის სიჭარბეც კანს აღიზიანებს; ვაზელინი – კანის გამოშრობაშია შემჩნეული; საღებავები და არომატიზატორები, რომლებიც ხშირად გვევლინება ალერგიის მიზეზად.

ეკოსერტიფიკატები:
დასავლეთში ბიოპროდუქტების რეგისტრაციისა და მათთვის სერტიფიკატის მინიჭების მარტივი და სანდო სტანდარტები არსებობს. შესაძლოა, მათი ლოგოები საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებზეც შეგემჩნიოთ. მათ შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული:
BIO. ფრანგული სტანდარტია, რომელიც დამოუკიდებელ მწარმოებელთა ასოციაციამ Cosmebio-მ შეიმუშავა. ამ სტანდარტის მიხედვით, პროდუქციას სათანადო სერტიფიკატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ მასში ბუნებრივი ნედლეული (მათ შორის – წყალი და მინერალური ნივთიერებები) 95%-ია, ხოლო ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს სრულიად არ შეიცავს (იმათ გარდა, რომელთა მოპოვებაც ცხოველს არ ავნებს, მაგალითად, ფუტკრის ცვილისა).
BDIH. ეს გერმანული სტანდარტია და იმ ფედერაციის მიერ არის შემუშავებული, რომელიც ფარმაცევტული პრეპარატების, დიეტური დანამატების, პირადი ჰიგიენის საშუალებების წარმოებასა და დისტრიბუციას აკონტროლებს. აქაც BIO-ს მსგავსი კანონები მოქმედებს.
Nature. ევროკავშირისა და ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებული სტანდარტია, რომელიც პროდუქციის ხარისხს ვარსკვლავებით აღნიშნავს. მაგალითად, სამვარსკვლავიანი კრემი თამამად შეგიძლიათ სახეზე წაისვათ :).

რომელი სჯობს:
ამბობენ, ბუნებრივი კოსმეტიკა ნაკლებად ალერგენულიაო. სინამდვილეში ალერგია შეიძლება ნებისმიერმა კომპონენტმა გამოიწვიოს. მართალია, ალერგიული რეაქციის განვითარებაში ბრალი ყველაზე ხშირად კონსერვანტებს, საღებავებსა და სურნელოვან ნივთიერებებს მიუძღვით, მაგრამ მცენარეთა ექსტრაქტებიც არანაკლებ აგრესიულნი არიან. ალერგიას იწვევენ არნიკა, როზმარინი, კალენდულა, ქაცვი, თაფლი, პროპოლისი...

საზოგადოდ, ბიოკოსმეტიკა ორნაირია:
მცენარეებზე დამზადებული და ცხოველური ნედლეულის (რძის, თაფლის, ვეშაპის სპერმაცეტის, პლაცენტის, ცხოველის სპერმის) შემცველი. არ აქვს მნიშვნელობა, ამინომჟავები ცხოველური წარმოშობისაა თუ მცენარეული; მთავარი ნედლეულის დამუშავების ტექნოლოგია გახლავთ.
ასე რომ, ბიოკრემის შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ვიდრე სახეზე წაისვმათ, ტესტი ჩაიტარეთ: ცოტაოდენი იდაყვზე წაიცხეთ, დაიკარით პლასტირი და ერთი დღე-ღამე ისე გაიჩერეთ, რომ წყალი არ მოხვდეს. პლასტირის მოხსნის შემდეგ კანი თუ შეწითლებული და აქერცლილი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, კრემის გადაგდება ან ახლობლისთვის ჩუქება მოგიწევთ.

სიფრთხილეს კანი არ სტკივა:
თანამედროვე ქალმა შესაძლოა მანქანის პარკირება ვერ მოახერხოს ან საცივის მოსამზადებლად მეზობლების კონსილიუმი მოიწვიოს, მაგრამ სახეზე ლაინერის წასმისა და კოსმეტიკურ საშუალებათა შენახვის პირობების ცოდნით ამ სფეროს ექსპერტებს არ ჩამოუვარდება.

გამოდის, რომ რასაც ვწერთ, ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ პრინციპი "გამეორება ცოდნის დედაა” ჯერ კიდევ აქტუალურად მიგვაჩნია.
არასდროს გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკური საშუალება. მაღაზიაში კრემის გასინჯვისას ახალი ერთჯერადი ღრუბელი გამოიყენეთ.
გამოყენების შემდეგ ჭურჭელს (ფლაკონს, ქილას) თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
მოარიდეთ კრემები და ლოსიონები სითბოს. ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტს დაძველებისგან იცავს (ან, კოსმეტიკის მწარმოებელთა ენაზე რომ ვთქვათ, მის პრეზერვაციას ახდენს), მაღალ ტემპერატურაზე ძალას კარგავს და კოსმეტიკური საშუალება მალე ფუჭდება.
ერიდეთ კოსმეტიკის გამოყენებას თვალის ინფექციის დროს. მეტიც: კოსმეტოლოგები გვირჩევენ, გადავყაროთ ის კრემები და ლოსიონები, რომლებსაც უშუალოდ ინფიცირების დროს ვისვამდით.
გამომშრალ კრემს თუ სხვა კოსმეტიკურ საშუალებას წყალს ნუ დაამატებთ!
თუ კოსმეტიკამ ფერი და სუნი იცვალა, გადააგდეთ.
ვინაიდან ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები კონსერვატებს მცირე რაოდენობით შეიცავს, ბაქტერიებისგანაც უფრო ნაკლებად არის დაცული, ვიდრე სინთეზური კრემები, ამიტომ გირჩევთ, კოსმეტიკური ბიოპროდუქციის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.
კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 1215 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz