"თუ ადამიანის დანახვა და მის სულში ჩახედვა გინდათ, იმას კი არ უნდა დაუკვირდეთ, როგორ დუმს, ან როგორ საუბრობს, როგორ ტირის, ან როგორ ღელავს კეთილშობილი იდეებით აფორიაქებული; უნდა დააკვირდეთ მაშინ, როცა იცინის. თუ კარგად იცინის - კარგი ადამიანი ყოფილა.” (ფ. მ. დოსტოევსკი)
რას ნიშნავს ეს ”კარგი” სიცილი?
ისე ჩანს, თითქოს სიცილი ყველას ერთნაირი აქვს – ადამიანი სიხარულს, კმაყოფილებას – ერთი სიტყვით, თავსდატეხილ სასიამოვნო ემოციას გამოხატავს. მაგრამ, თუ დავწვრილმანდებით, ვნახავთ, რომ ზოგს ღია სიცილი აქვს, გადამდები, ისეთი, რომ უნებლიეთ მასთან ერთად იცინი. ხანდახან სიცილი მორიდებული, მორცხვი ხითხითია, გეჩვენება, რომ ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს და გარშემომყოფებიც იმასვე გრძნობენ.
მოდით, დავაკვირდეთ, როგორ ვიცინით ჩვენ და ჩვენი ახლობლები, მერე კი მოვისმინოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები: სიცილი «უ»-ზე («ჰუ-ჰუ-ჰუ»). სიცილისგან აქ, გარეგნული იერის გარდა, აღარაფერი დარჩა. ჩვეულებრივ, ცრუმორწმუნე, ოდნავ მშიშარა ადამიანებს ახასიათებთ; სიცილი «ო»-ზე («ჰო-ჰო-ჰო»). ასე საკუთარ ძალაში დარწმუნებული ადამიანი იცინის. სიცილი «ი»-ზე («ჰი-ჰი-ჰი»). ასეთ სიცილს ირონიისა და გულბოროტების გამომხატველად აღიქვამენ. აქ არ არის გრძნობისთვის "გამოსასვლელი ჩარაზულია", მხოლოდ შინაგანი ქვეტექსტი და რაღაც ფარული განზრახვაა. სხვათა შორის, ამბობენ, ასეთი სიცილი ახალგაზრდა გოგონებს ახასიათებთო. სიცილი «ე»-ზე («ჰე-ჰე-ჰე»). არც ისე სიმპათიური და ხმამაღალი. ის, ვინც ასე იცინის, თანამოსაუბრესთან საჭირო დისტანციას ყოველთვის ინარჩუნებს. ხშირად სხვის მაამებელ, მლიქვნელ, ან ლაქუცა ადამიანებს აქვთ. სიცილი «ა»-ზე («ჰა-ჰა-ჰა»). ყველაზე ნამდვილი, გულიდან წამოსული სიცილი! სამყაროსთან ჰარმონიით სავსე. ასე, მთელი სხეულითა და სულით, მართლა მხიარული და კეთილი ნატურის ადამიანები იცინიან!
ხმოვან ეფექტების ანალიზს გავეცანით, ახლა მანერაზე ვისაუბროთ:
თუ სიცილის დროს ნეკა თითით ტუჩებს ეხებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგ ტონზე საკუთარი წარმოდგენა გაქვთ და რომ ამ წარმოდგენებს ზედმიწევნით იცავთ. თან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მოგწონთ. იცინით და თან პირს ხელით იფარავთ: მაინცდამაინც დარწმუნებული საკუთარ თავში არ უნდა იყოთ, ხშირად უხერხულად გრძნობთ თავს, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებთ და გირჩევნიათ, არ გაიხსნათ. ამიტომ ნუ გადააჭარბებთ თვითანალიზსა და თვითკრიტიკაში ნორმას და ირწმუნეთ საკუთარი თავის. თუ სიცილის დროს თავს უკან სწევთ, მიმნდობი და მიამიტი ჩანხართ, და ამავე დროს ფართო ნატურა გაქვთ. ხანდახან, გრძობებსაყოლილი, მოულოდნელ საქციელს ჩაიდენთ ხოლმე, არადა მართლა სჯობდა, გონებისთვის დაგეგდოთ ყური. ხელით ეხებით სახეს ან თავს: მეოცნებე უნდა იყოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, მაგრამ განუხორციელებლის დევნა თუ ღირს, ესაა საკითხავი? არ გაწყენდათ სიფხიზლე და ცხოვრებისეული პრობლემებისადმი რეალისტური მიდგომა. სიცილის დროს ცხვირს ანაოჭებთ: გრძნობები და შეხედულებები სწრაფად გეცვლებათ. ემოციური და, როგორც ჩანს, ჭირვეული ადამიანი უნდა იყოთ, ადვილად ექცევით წუთიერი განწყობის გავლენისქვეშ. ეს თქვენც გიქმნით სიძნელეებს და თქვენს გარშემომყოფებსაც. ვინც ხმამაღლა და პირდაღებული იცინის, ტემპერამენტიანი და მოძრავი ადამიანების რიცხვს ეკუთვნის. ცოტაოდენი თავშეკავება, წონასწორობა, სიმშვიდე არ აწყენდა; მოსმენაც უნდა ისწავლოს, თორემ სულ თვითონ ლაპარაკობს. თუ თავს ხრის, სანამ ნელ-ნელა გაიცინებს, კეთილი გულის, სინდისიერი, ადამიანებთან და გარემოსთან მისადაგებას ჩვეული ადამიანია. გრძნობებსა და ქცევებსაც აკონტროლებს; ცდილობს, არავინ გაანაწყენოს. მას, ვინც სიცილის დროს ნიკაპს ხელით იჭერს (რამდენი წლისაც უნდა იყოს), ხასიათში ახალგაზრდული თვისებები შერჩენია და არც ქცევაში ეტყობა, რომ დიდხანს ფიქრი და განსჯა უყვარს. თვალებმოხუჭული იცინით: გაწონასწორებულ ხასიათზე, თავდაჯერებაზე, გონიერებაზე მიუთითებს. საქმიანი და დაჟინებული, ხანდახან იქნებ იმაზე მეტადაც, ვიდრე სასურველია – თუ ასეა, თავს გვერდიდან, უცხო თვალით შეხედეთ და ყველაფერს მიხვდებით.
ნუ დაღონდებით, თუ ამ ჩამონათვალში საკუთარი თავი ვერ იპოვეთ, ან სიცილის განსაზღვრული მანერა არ გაქვთ.
როგორც ჩანს, ინდივიდუალისტი ბრძანდებით: ყოველთვის და ყველაფერში, პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრებით ხელმძღვანელობთ, ხშირად სხვების შეხედულებებს არ ითვალისწინებთ.
* * *
თუ ზემოთქმულს, ანუ ფსიქოლოგების მოსაზრებას დავიჯერებთ, გამოდის ადამიანის "პორტრეტის" ძირითადი შტრიხების განსაზღვრა სიცილითაც შეიძლება.
|