ქსოვილი ყველაზე უბრალო და იაფი საცურაო კოსტიუმი
პოლიესტერისგან იკერება. ეს სინთეტიკური მასალა მტკიცე და გამძლეა, არც
მზის სხივების ზემოქმედებით იცვლის ფერს, მაგრამ ძნელად შრება და მალე
კარგავს ფორმას. გამოადგება მას, ვისაც ის მხოლოდ ერთი სეზონისთვის
სჭირდება.
კარგი საცურაო კოსტიუმი 15-20% ლაიკრას შეიცავს.
ლაიკრაშემცველი ქსოვილი მოქნილია, კარგად არის მორგებული სხეულს, კვეთს
ფიგურას. ლაიკრის დამატების შემთხვევაში ბამბის ქსოვილებიც კი კარგად
ინარჩუნებენ ფორმას. რაც უფრო მეტია ქსოვილში ეს სინთეტიკური კომპონენტი,
მით უფრო გამძლე და ძვირფასია საცურაო კოსტიუმი. მაგრამ არ შეგაცდინოთ
მაღალმა პროპორციებმა: თუ ლაიკრის შემცველობა 30%-ზე მეტია, ქსოვილი ვერ
სუნთქავს. ელასტინი (აშშ-ში იწარმოება სახელწოდებით სპანდექსი) - ეს არის
პოლიურეტინული ბოჭკო, რომელსაც შესწევს უნარი, 700%-ით გაიწელოს. მას
ელასტიკურობისთვის ამატებენ სხვა მასალებს. ტაქტელი ლაიკრისა და ტრიკოტაჟის
მიკრობოჭკოს ნარევია. ჰგავს პოლიამიდს, მაგრამ ნაკლებად ბზინავს. რბილია,
ელასტიკური და ისეთი მსუბუქი, რომ კანზე არც კი იგრძნობა. პოლიამიდი - ამ
ქსოვილისგან დამზადებულ საცურაო კოსტიუმს ადვილად ამოიცნობთ
დამახასიათებელი ბზინვარების წყალობით. ის მტკიცეა, ელასტიკური, სწრაფად
შრება, კარგად გამოკვეთს ფიგურას. დღეს საცურაო კოსტიუმების უმრავლესობა
იტალიური ქსოვილისგან იკერება, რომლის შემადგენლობაშია 20% ლაიკრა და 80%
პოლიამიდი. მიკროფიბრა პოლიამიდის სახესხვაობაა. შესახებად სასიამოვნოა,
საოცრად მსუბუქი და ნატიფია და სწრაფად შრება. თუ საცურაო სამოსი
დამზადებულია ქსოვილისგან, რომელიც მდგრადია ზღვისა და ქლორირებული წყლის
მავნე ზემოქმედების მიმართ, მაშინ აუცილებლად შეამჩნევთ ეტიკეტზე წარწერას:
Endurance და Chlorin Resistant.
სად და როდის ჩავიცვათ როცა ახალ საცურაო კოსტიუმს
ირჩევთ, დაფიქრდით იმაზე, სად აპირებთ მის ჩაცმას - შეზლონგზე, გასარუჯად,
წყალში, საცურაოდ, თუ კლუბში, ცეკვის დროს. თუ კლუბში თავის მოწონება
გსურთ, აირჩიეთ მიკროფიბრის ან პოლიამიდისგან დამზადებული ორნაწილიანი
კოსტიუმი, რომელიც მორთული იქნება დეკორატიული დეტალებით: თასმებით,
აპლიკაციებით, პლისეთი, გოფრეთი... არსებობს საინტერესო დეტალი -
"უჩინარი" სამაგრები ბიუსტჰალტერზე. ისინი მიმაგრებულია გარეგანი ნაკერის
გარეშე და მკერდს უზადოდ უნარჩუნებს ფორმას. თუ სიმსუქნის დამალვა გსურთ,
შეარჩიეთ მთლიანი ორმაგი საცურაო სამოსი, რომელსაც შიგნიდან კორსეტის ბადე
ექნება ჩაკერებული. საცურაო კოსტიუმის ნაკერებში ხშირად შედის ნაირ-ნაირი
პარეო, რომლებიც დაგეხმარებათ, გამოჩნდეთ არაჩვეულებრივად მომხიბვლელი
როგორც ზღვის სანაპიროზე, ისე საღამოს საცურაო აუზთან. გასარუჯად
საუკეთესოა მიკრომოდელი, რომელიც მაქსიმალურად აშიშვლებს სხეულს, მაგრამ თუ
იდეალური ფორმებით ვერ დაიკვეხნით, აირჩიეთ კლასიკური საფარველის მქონე
საცურაო კოსტიუმი, ოღონდ ისეთი ქსოვილისგან დამზადებული, რომელიც ატარებს
ულტრაიისფერ სხივებს. ნამზეური თანაბარი იქნება. თუ მზის სხივებისადმი
მგრძნობიარე ბრძანდებით, შეგიძლიათ შეიძინოთ უკანასკნელი გამოგონება -
თავისებური სტილის ბიკინი, რომელიც ერთი ტონის ქსოვილისგან არის
დამზადებული და მუქი ლაქებით იფარება, თუ მეტისმეტად ბევრ დროს გაატარებთ
სანაპიროზე. საცურაოდ უმჯობესია დაფარული მთლიანი კოსტიუმი. ის
მოხერხებულად ზის სხეულზე. ყოველი გაცურვის შემდეგ სამოსი აუცილებლად
გაავლეთ ჩვეულებრივ წყალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქსოვილი დაკარგავს
დრეკადობას და ფერს.
|