მოგესალმები, სტუმარი | RSS
პარასკევი, 2024-11-01, 4:10 AM
მთავარი » 2011 » მარტი » 30 » იმედი ისევ არსებობს
10:04 PM
იმედი ისევ არსებობს
ძნელია ისეთი სანაკრებო მატჩის გახსენება, როცა "ჯვაროსნების” გასვლით ასპარეზობას ამდენი ქართველი ვიპ-სტუმარი დაესწრო. მაღალი თანამდებობის ქართველების სიმრავლეს (ადრე ანონსირებულ გიგი უგულავას, გია ნაცვლიშვილს, ზაზა გოროზიას, დავით ნამგალაურს, ლადო ვარძელაშვილს, დავით ტყეშელაშვილიც დაემატა), ტრიბუნაზე მყოფი ათასამდე "ჩვეულებრივი” ქომაგი დაუმატეთ და ამ შესარჩევი ციკლის მეორე ებრაულ-ქართული საევროჩემპიონატო პაექრობა თითქმის მშობლიურ გარემოში შედგა.
თამაში ქართველებმა ოდნავ ნერვიულად დაიწყეს. მე-3 წუთზე, ლაშა სალუქვაძეს ბურთი თავზე აეჭრა და ბარდა რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო, ხიფათი დებიუტშივე არ აგვცდებოდა. მასპინძლები გამოკვეთილად დაწინაურებული ელიანივ ბარდას იმედად იყვნენ, რომელსაც აქეთ-იქიდან ახლანდელი და ყოფილი ჰაიფელები – რეფაელოვი და კაიალი ეხმარებოდნენ.
ქეცბაიას შემტევ არჩევანს რაც შეეხება, იგი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო – დაცვაში ყურადღებით თამაშს, შუაში პრესინგი და წინ სწრაფი მარცვალაძის იმედად ყოფნა უნდა შეხამებოდა.
დროთა განმავლობაში "ჯვაროსნები” დაწყნარდნენ და თამაში იმ რიტმში გადაიყვანეს, "საჩვენო” რომ ეთქმოდა. მასპინძელთა აქტიურობას უფრო მოჩვენებითს თუ უწოდებდი და ისიც აშკარა იყო, რომ სტუმრები შეცდომის დაშვებას გაურბოდნენ. ამიტომაც გახლდათ, პირველ ტაიმში "მალიორკასა” და ისრაელის ნაკრების კიპერს საქმე თითქმის არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ბუზაგლომ ზედიზედ ორჯერ შეძლო ავათის ქართველი კოლეგის "დასაქმება”. მარჯვნიდან მისი მიყოლებითი შეტევების შემდეგ ჩაწოდებული ბურთი ორჯერვე რევიშვილის იოლი ნადავლი გახდა. მე-17 წუთზე კი, ქართველ კიპერს პირველად მოუწია სერიოზულად თამაშში ჩართვა. სტანდარტული სიტუაციიდან ნათჰოს მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას, გერშონმა თავით თამაშში ხუბუტიას აჯობა და რევიშვილმა კითხურზე მოგერიება შეძლო.
ქართველთაგან, კარისკენ პირველი დარტყმა მე-19 წუთზე მოხდა. ჯაბა კანკავამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაჰკრა ებრაელთა კარისაკენ, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. თითქმის იმავწუთს, ქართველ მცველებს მარცხენაფლანგელი გერშონი შეეპარათ საჯარიმოში, კიპერმა დასარტყმელი კუთხე გადაუფარა და უკან ნაპასევზე კაიალის დარტყმულს, ამისულაშვილმა არ მისცა ცარიელ კარში შეღწევის საშუალება.
მასპინძლების საწყის აქტიურობას ქართველებმა ალღო მალე აუღეს და ტაიმის ბოლოსაკენ უპირატესობის ხელში აღებაც შეძლეს. დროის ამ მონაკვეთში, კარში დარტყმის რეალური შანსი კობიაშვილს მიეცა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან იაშვილის ჩაწოდებულ ბურთს, მეკარის მოედანში აუხტა, მაგრამ ვერ შესწვდა.
შესვენებაზე ქეცბაიამ მურთაზ დაუშვილი დავით კვირკველიათი შეცვალა და მისი გუნდის სათამაშო სქემა ცოტათი შეცვალა. ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე კობიაშვილი ცენტრში გადმოიყვანა, კვირკველიამ კი მისი ადგილი დაიკავა. უფრო აქტიურად განაგრძო თამაში მარცვალაძემ, რომელსაც 51-ე წუთზე, სულ ცოტა დააკლდა მეკარესთან პირისპირ დარჩენილიყო. ცოტა ხანში, ოთარმა მაინც მოახერხა მეტოქის კარისთვის დამიზნება, მაგრამ ცოტათი უზუსტოდ. ამას, კარის მიმართულებით რევიშვილის მორიგი სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოჰყვა – კიპერმა, ისევე როგორც პირველი ტაიმის ბოლოს ნათჰოს დარტყმულის შემდეგ, ბუზაგლოს დარტყმულსაც თვალი გააყოლა. ბურთი ორივე შემთხვევაში მცირედით გადასცდა ხარიხას.
ამასობაში, იმ საბედისწერო შეცდომის დროც დადგა, რომელსაც ათმატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ, ქართველთა პირველი მარცხი მოჰყვა. "ჯვაროსანთა” საჯარიმოს შუაგულიდან განვითარებულმა სწრაფმა შეტევამ მარცხნივ გადაინაცვლა, იქ სალუქვაძემ კიდევ ერთხელ "ჩაიძინა” და ხელსაყრელ სიტუაციაში დარჩენილმა ტალ ბენ ხაიმმა ნაკრებში მისი დებიუტი გოლით აღნიშნა. სხვათა შორის, ებრაელებს ძირითად შემადგენლობაში მასზე მიმსგავსებული გვარის ფეხბურთელი ჰყავდათ. ესაა, რომ ტალ ბენ ჰაიმი ცენტრალური მცველია და ინგლისური "პორტსმუთის” მოთამაშეა, მატჩის და ფერნანდესის გმირი კი, ფეთახ თიკვას "მაკაბის” შემტევი ნახევარმცველია.
გოლით აღფრთოვანებული მასპინძლების დაშოშმინება, შეცვლაზე შესულ ვლადიმერ დვალიშვილს შეეძლო, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა იჩქარა. ლადომ ავათისაგან მიტოვებულ ცარიელ კარში იმაზე ადრე დაარტყა, ვიდრე ამას "ცივ გონებაზე” გააკეთებდა. ეს 71-ე წუთზე მოხდა და მას შემდეგ ქართველებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი არ მისცემიათ.
ფეხბურთში ისრაელი არც ხორვატია რომ არაა და არც საბერძნეთი – ამას მტკიცება არ სჭირდება. თუმცა, საშუალო ევროპული რეპუტაციის ებრაელებთან მარცხი მაინც დასანანია. მით უფრო, მას შემდეგ, რაც ჯგუფის ფავორიტ ხორვატიას ამარცხებ.

მატჩის შემდეგ
თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმთან შედარებით, მეორეში გამოცოცხლდნენ გუნდები და მაყურებელს ცუდი თამაში არ უნახავს. სამწუხაროდ, საბედისწერო შეცდომა დავუშვით. როგორც ჩანს, ზედიზედ 2 მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება არ შეგვიძლია. არ ვართ ის გუნდი, რომელსაც სულ წაუგებლად თამაშის ძალა შესწევს. როდესმე უნდა წაგვეგო და დღეს წავაგეთ.
ზაფხულამდე გასამართ სამ მატჩში 3 ქულის აღებას ვგეგმავდით. როგორც ხედავთ, გეგმა პირველსავე მატჩში შევასრულეთ. დაგვრჩა ივნისში ხორვატიასთან თამაში და შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ”.
ზურაბ ხიზანიშვილი: "ხორვატიის თამაშის შემდეგ, ძალიან კარგი განწყობა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, წავაგეთ. რას იზამ, ეს ფეხბურთია – ძალიან დასანანი გოლი გავუშვით. ჯერჯერობით, ყველაფერი წინ გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ მატჩებში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ”.
კახა კალაძე: "ნამდვილად არ იყო წასაგები თამაში. დასანანია, როცა თანაბარ ბრძოლაში დამარცხდები. ვთვლი, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მე-2 ტაიმში. როცა უკეთესად ავთამაშდით, მაშინ გავუშვით გოლი. გული არ უნდა გავიტეხოთ, ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული. წინ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები გველის და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ”.


2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
თელ ავივი. 29 მარტი, 2011. "ბლუმფილდი”, 14000 მაყურებელი. 21:05
ისრაელი - საქართველო 1:0 (0:0)
ისრაელი: ავათი (კაპ), კეინანი, გერშონი, ბონდარი, ბენ ჰაიმი, ალმოგ კოენი, კაიალი, ნათჰო (ბენ ხაიმი, 53), რეფაელოვი (ვერმუთი, 63), ბუზაგლო, ბარდა (ბენაიუნი, 72).
სათადარიგოები: გორეში, ტავათა, ალბერმანი, საჰარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი.
საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი (კვირკველია, 46), იაშვილი (დვალიშვილი, 64), კობიაშვილი, მარცვალაძე (სირაძე, 73).
სათადარიგოები: ლორია, კაშია, ალადაშვილი, გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გაფრთხილებები: ამისულაშვილი (43), მარცვალაძე (45), კოენი (62), ბონდარი (76), კობიაშვილი (89).
გოლი: 1:0 ბენ ხაიმი (59).
მსაჯები: ფრედი ფოტრელი; ფრედი ჰარჩაი, ლორენ სტინი; რუდი ბოკუ (საფრანგეთი). F ჯგუფი
საბერძნეთი 5 3 2 0 5-2 11
ხორვატია 5 3 1 1 8-2 10
ისრაელი 6 3 1 2 8-6 10
საქართველო 6 2 3 1 4-3 9
ლატვია 5 1 1 3 4-7 4
მალტა 5 0 0 5 1-10 0
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 857 | დაამატა: GaGi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz