მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი, "მილანის" ნახევარმცველი ჯენარო გატუზო მახაჭყალის "ანჟიში" გადავა. 33 წლის გატუზო რუსულ კლუბს 2011 წლის აგვისტოში შეუერთდება. მოთამაშის გადასვლის დეტალები, მათ შორის სატრანსფერო ღირებულება არ არის დაზუსტებული.
გატუზოს "მილანთან" მოქმედი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში უმთავრდება. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სააგენტო კომპანია, რომელიც მოთამაშის ინტერესებს წარმოადგენდა, რუსულ კლუბებს ფაქსით დაუკავშირდა და ფეხბურთელის გადაყვანა შესთავაზა.
გატუზო "მილანში" 1999 წლიდან გამოდის (მანამდე ნახევარმცველი "პერუჯაში", შოტლანდიის "რეინჯერსში" და "სალერნიტანაში" თამაშობდა). იტალიის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონში ფეხბურთელმა 26 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
იტალიის ნაკრებში გატუზომ 73 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ნახევარმცველმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გატუზომ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
2011/12 წლის სეზონის დაწყების წინ "ანჟიმ" ცნობილი ფეხბურთელი - მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი ბრაზილიელი რობერტო კარლოსი შეიძინა. რუსეთის ჩემპიონატის ორ სასტარტო ტურში მახაჭყალურმა კლუბმა ერთი ქულა მოიპოვა.