მოგესალმები, სტუმარი | RSS
ოთხშაბათი, 2024-11-27, 11:33 PM
მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » მახეები მმაჩის ბიუროს გზაზე
9:54 PM
მახეები მმაჩის ბიუროს გზაზე
1: გ ე ნ ე ტ ი კ უ რ ი შ ი შ ი

ადამიანები ეძებენ და ვერ პოულობენ "შესაფერისს". შეუყვარდებათ და ერთმანეთს შორდებიან. ზოგს - საერთოდ არ შეუძლია შეყვარება, სხვას - ყოველთვის ის უყვარდება, ვინც "სამისო” არ არის... ურთიერთობები არ ლაგდება, ირღვევა. შეხვედრა, რომელიც დიდებულ გაგრძელებას გპირდება, უცებ მახე აღმოჩნდება...

რა ხდება? რატომ ძნელდება (ხანდახან კი შეუძლებელია) ოჯახის შექმნა, ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა? წყევლაა ეს თუ კანონზომიერება?

- რა თქმა უნდა, წყევლა არ არის. ე. წ. შინაგანი ბლოკების მუშაობის შედეგია. ეს შინაგანი ბლოკები კი ერთგვარი ქვეცნობიერი პროგრამებია, რომლებიც გვაიძულებენ პირად ურთიერთობებში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარტო დავრჩეთ.

ბლოკები და პროგრამები შეძენილიცაა (საკუთარი სამწუხარო გამოცდილების კვალობაზე შექმნილი) და მემკვიდრეობითიც (პრობლემებს, რომლებიც ბებიებმა და ბაბუებმა ვერ მოაგვარეს, შვილიშვილები წყვეტენ). სწორედ ისინი ქმნიან შინაგან ბლოკებს. თუმცა მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ:

ა) მაშ ასე, ურთიერთობების აწყობის არცოდნა - ყველაზე გავრცელებული პროგრამა, რომელიც, იმავე დროს, ძნელად ექვემდებარება თვითდიაგნოსტიკას.

ეს გადაუწყვეტელი მემკვიდრეობითი პრობლემის შედეგია (ასე ვუწოდებთ საკითხს, რომელზეც პასუხი 9-11 თაობის მანძილზე არ მოიძებნა). საკუთარ თავს ასეთი ადამიანი "დიაგნოზს” ვერ დაუსვამს, აქ განსაკუთრებული გათვლაა საჭირო. და თუ მაინც გეჩვენებათ, რომ რაღაც მსგავსი თქვენს თავსაც ხდება, შეეცადეთ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა თქვენი წინაპრების ცხოვრებაში. ერთ-ერთი გამოკვეთილი მაჩვენებელია – სერიოზული მემკვიდრეობითი სენის არსებობა-არარასებობა, პირველ რიგში, ონკოლიგია. თუმცა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანა არ იჩქაროთ (!): ვიმეორებთ, იმის ერთმნიშვნელოვნად განცხადება, აქვს თუ არა ადამიანს მემკვიდრობითი პრობლემა (და ამ პრობლემის გადაწყვეტა) მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

ბ) დანაკარგის გენეტიკური შიში - კიდევ ერთი, არცთუ უბრალო პრობლემა
გაინტერესებთ საიდან ამოიზრდება ეს შიში? - აქ, სამწუხაროდ, ყველაფერი მარტივია: ქვეყანაში, სადაც იყო მუდმივი ბრძოლა, რეპრესიები და ომები ძირების ძებნა ადვილია. ალბათ არ არსებობს ისეთი ოჯახი, რომელსაც როდესმე ისტორიული ძნელბედობის ჟამს დანაკარგი არ განეცადა. ზოგს ყველაფერმა ერთიანად გადაუარა. დაფიქრდით, როგორი შიში დანერგა ამან ჩვენს წინაპრებში, როგორ აისახა ჩვენი მშობლების მემკვიდრეობით ცნობიერებაში, როგორ შეცვალა მემკვიდრეობითი პროგრამა.

თვალსაჩინოებისათვის: ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარეს, დაქორწინდნენ და მათი ბედნიერების მწვერვალზე, როცა გრძნობა ჯერ კიდევ არ დაღვინებულა და არ "დანაყრებულა”, დაიწყო ომი. ქმარი მიდის და იღუპება… რა ხდება ამ დროს? გადარჩენილის ქვეცნობიერში პირდაპირი კავშირი იძერწება: სიყვარული – დანაკარგი, სიყვარული – უბედურება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჯაჭვი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ეუბნება: გინდა მშვიდი ცხოვრება? – უარი თქვი სიყვარულზე, მას მხოლოდ ტანჯვა მოაქვსო.

თუმცა, ეს ჯაჭვი 'ერთ' კი არა, 'სამნაირ' შიშს ბადებს.

1. პირველზე, ყველაზე ცხადზე უკვე ვთქვით, ესაა დანაკარგის შიში. თუ შეიყვარებ, აუცილებლად დაკარგავ საყვარელ ადამიანს. ამას ისეთი ტკივილი მოაქვს, რომ სჯობს, პირადი ცხოვრება საერთოდ არ გქონდეს. სწორედ ასეთი მემკვიდრეობითი პროგრამა გადავა შვილებზე და შვილიშვილებზე და ზღუდედ აღიმართება მათი ოჯახური ბედნიერების გზაზე.

2. მეორე შიში, რომელსაც ეს ჯაჭვი ბადებს – იმის შიშია, რომ ოჯახს ვერ შეინახავ. მამა ომში წავიდა, გადაასახლეს, ან რამე სხვა – დედას ძალიან უმძიმდა ბავშვების რჩენა: მუდმივი სიღარიბე, მუშაობა ქანცის გაწყვეტამდე... გულში ფიქრობ, ასეთ წვალებას, სჯობდა, არც მყოლოდა ოჯახიო. სულაც რომ არ აჩვენოს დედამ ეს შვილებს, ბავშვები გრძნობენ, რადგან 15 წლამდე ჩვენ მშობლების ქვეცნობიერ პროგრამებს ვითვისებთ. ასე ჩნდება გენკოდში ახალი ბლოკი, რომელიც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თანმდევი გახდება.

3. მესამე შიში, იმავე წყაროდანაა, მაგრამ პირად კი არა, სოციალურ ცხოვრებაში ჩნდება: გამორჩეულობის შიში. წყალზე ჩუმი უნდა იყო, ნაცრისფერ მასასთან შერწყმული - ასე მეტი შანსია, რომ შეუმჩნეველი დარჩები. თუ ისევ უბედურება დატრიალდა (ვთქვათ "რეპრესიები”), არავის გაახსენდები და გადარჩები. თუ ომი დაიწყო, უქნარას და მოუხერხებელს ნაკლებად სახიფათო ობიექტზე დაგტოვებენ. ამიტომ არ ღირს, გამოირჩე, კარიერა აკეთო, დისერტაციები დაიცვა, ბიზნესში სიმაღლეებს მიწვდე. ამ ლოგიკის თუ ბლოკის გამო დაიმარხება მიწაში ბრწყინვალე ნიჭი და ადამიანი, რომელსაც კაშკაშა და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრება შეეძლო, ჭაპანს უღიმღამოდ ეწევა, საკუთარი თავიც სძულს და გარესამყაროც.

ისე კი ტყუილად ვთქვით, რომ ეს შიში მხოლოდ სოციალურ პლანზე აისახება, რადგან გარკვეული ხარისხით პირად ცხოვრებასაც ”ურტყამს” – ამ სფეროშიც ყველაფერი ნაცრისფერი და დაბურულია... სიყვარული ხომ – გამორჩეულობის ერთ-ერთი საშუალებაა: უნდა გახდე ერთადერთი და განუმეორებელი, თუნდაც შენი რჩეულის თვალში. მემკვიდრეობით მიღებული ამკრძალავი ტაბუ კი ზუსტად აქ დევს.

რა თქმა უნდა, დანაკარგის შიში ყოველგვარი ისტორიული კატაკლიზმების გარეშეც წარმოიშობა: უბრალო ოჯახური ამბავიც კმარა ხოლმე. აი, მარტივი მაგალითი: მშობლები ერთმანეთს შორდებიან, ბავშვი, რომელიც ტრადიციულად დედასთან რჩება, ხედავს, რა მძიმე გადასატანია ოჯახის ნგრევა მშობლისთვის, როგორ იტანჯება, როგორ კლავს ტკივილი. ქვეცნობიერში "მისეული" ჯაჭვი ჩნდება: სიყვარული და ტკივილი ერთმანეთზეა გადაბმული, სჯობს, ურთიერთობა საერთოდ არ არსებობდეს.

დანაკარგის შიშს ბლოკირებაც შეუძლია და არსებულის დანგრევაც. თანაც ეს იმ ეტაპზე ხდება, როცა ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი ყალიბდება. ამ დროს ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც დიდი გრძნობა და დამოკიდებულება ისხამს ხორცს, ძლიერდება, მალე უძლეველიც გახდება და ფიქრობს: თუ ეს კავშირი დაირღვა, ტკივილს ვერ აცდები, ამიტომ სჯობს, ამ კავშირიდან წინასწარ გამოვიდეო.

დანაკარგის შიშზე რეაქციის კიდევ ერთი მოდელი არსებობს: ადამიანი ოჯახს ქმნის ან უბრალოდ ურთიერთობას აშენებს, მაგრამ თვითონ არ უყვარს – მხოლოდ აძლევს საშუალებას, რომ უყვარდეთ, თვითონ ემოციურად არ ერთვება. ალბათ, ზედმეტია ასეთი პოზიციის შინაგანი აზრის გაშიფვრა: მაგრამ მაინც ვთქვათ: ადამიანს ეშინია ემოციაში ჩართვის იმიტომ, რომ როგორც კი ამას გააკეთებს და შეიგრძნობს, განშორებისკენ მიმავალი პროგრამა-ბლოკი ჩაირთვება.

გ) ეშინია, რომ კონკრეტულად მისთვის შეუძლებელია ოჯახის შექმნა - კიდევ ერთი გენეტიკური შიში: "ბებიას არ გამოუვიდა, დედამაც ვერ შეძლო, ჩემგან რაღას უნდა ელოდოს ადამიანი".

ყურადღება მიაქციეთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს! ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბებო, ან დედა არ გათხოვილა. საქმე პასპორტის შტამპი კი არ არის, არამედ ის, რომ საკუთარი ოჯახით იმედგაცრუებულნი იყვნენ, თავს არასრულფასოვნად გრძნობდნენ: ეს სრულიად აუფასურებს მეუღლესთან თანაცხოვრებას და მერე მემკვიდრეობით გადაეცემა. შვილიშვილს ქვეცნობიერად შეეშინდება ქორწინების, რადგან მისი შინაგან პროგრამებიდან ერთი ასეთია: ოჯახში ადამიანი ცუდადაა, იმიტომ რომ ამცირებენ და თრგუნავენ.

ასეთი შიში სხვა ნიადაგზეც აღმოცენდება ხოლმე: ბავშვს, ან მოზარდს ნათესავები უნერგავენ, რამდენად ძვირფასია და მნიშვნელოვანი ოჯახი; ელიან, რომ რაღაც "საოცარი პარტია” უნდა ითამაშოს ქორწინებით – მასაც ეშინია, რომ ახლობლების იმედს ვერ გაამართლებს. რა უნდა მმაჩში, თუ ამდენი ძვირფასი ადამიანის ოცნებას დაამსხვრევს, - საკუთარ ბედზე და იმედზე არც კი ფიქრობს.

2: კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ე ბ ი

უკვე ვისაუბრეთ სხვადასხვა სახის გენეტიკურ შიშზე, რომლებიც პირადი ბედნიერების გზაზე დაუძლეველ დაბრკოლებად აღიმართებიან ხოლმე ბევრი ადამიანის წინაშე. ამჯერად ყურადღებას ოჯახური ბედნიერების კიდევ ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს - ჩვენს საკუთარ ბავშვურ-მშობლურ ურთიერთობას - მივაპყრობთ: მასში კოლოსალურ როლს კონფლიქტი თამაშობს, თანაც კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე თაობაში გრძელდება.

ა) ვთქვათ, მთელი ბავშვობა დედასა და ბებიას შორის კონფლიქტის მოწმე იყავით: ისინი არა მარტო კამათობდნენ, საერთოდ არ ესმოდათ ერთმანეთის, შინაგანად ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებად რჩებოდნენ, ერთმანეთი აღიზიანებდათ და ა.შ.

გარკვეულ ეტაპზე თქვენი საკუთარი კონფლიქტი იწყება - ვთქვათ, მამასთან. და ისევ: საქმე ესა თუ ის წვრილმანი კი არაა, უბრალოდ, საერთო ენას ვერ პოულობთ, ერთმანეთს ვერ უგებთ, არ გესმით ერთმანეთის და დაძაბულობა იმატებს... სწორედ მსგავს სიტუაციებში იქმნება ოჯახის შექმნის ქვეცნობიერი ბლოკირება: "რა საჭიროა ამ კონფლიქტების ჯაჭვის გაგრძელება; სჯობს, სულაც არ გახდე მშობელი. შესაბამისად, არ ღირს ოჯახის შექმნა და სერიოზული ურთიერთობების შენება".

აქ, სხვათა შორის, განსხვავებული ვარიანტებია შესაძლებელი: სამწუხაროდ, ერთი ერთმანეთზე "უკეთესი”.

ბ) აი, მაგალითად: დავუშვათ, მე – უფროსი ვაჟიშვილი ვარ ოჯახში, ძლიერი დედა და სუსტი მამა მყავს. არსებობს ასეთი გენეტიკური კანონი: ოჯახის პირველი შვილი ოჯახის ლიდერის მემკვიდრეობით პროგრამას იმემკვიდრებს, შესაბამისად, მე დედას პროგრამას ვიმემკვიდრებ. ამასთან, სუსტ მამას არ ვიღებ, შესაძლოა, პატივსაც არ ვცემ და იბადება ზიზღის ჩანასახი, რომელიც გაიზრდება. არადა ვაჟიშვილი ხომ მამასთან უნდა იყოს იდენტიფიცირებული?! როგორღა უნდა გააცნობიეროს თავისი სქესობრივი რაობა?! მამის უარყოფით ის ხომ საკუთარ თავსაც, როგორც მამაკაცს უარყოფს! დაფიქრდით, შეძლებს ის ასეთ სიტუაციაში სრულფასოვანი ოჯახის შექმნას, ქმრობას და მამობას?.. იგივე ხდება, როცა გოგონაა კონფლიქტში დედასთან: დედის უარყოფით ის საკუთარ თავში ქალურ საწყისს ზურგს აქცევს – რაც ძალიან სამწუხაროდ აისახება მის პირად ცხოვრებაზე.

სწორედ მშობლების წყალობით ყალიბდება ბავშვში კიდევ ერთი (ჰარმონიული პირადი ურთიერთობისთვის მტრული) კომპლექსი:

გ) აი, ძალიან გავცელებული სქემა: ძლიერი დედა ყოველთვის ოდნავ ამრეზით ეპყრობოდა სუსტ მამას და ბავშვი ბევრი წელი მამას მისი თვალით აღიქვამდა. ცოტა რომ წამოიზარდა, მიხვდა, რომ დედა ყველაფერში როდი იყო მართალი და არც მამაა სუსტი – შესაძლოა, უფრო (ბევრად) დელიკატურია, ვიდრე დედა. დედა არ ყოფილა შეუმცდარი.

მეორე ვარიანტი: ოჯახში შესანიშნავი ატმოსფერო იყო, შვილი აღმერთებდა მშობლებს და მათ მოსიყვარულე წყვილის მაგალითად თვლიდა და უცებ ირკვევა, რომ მამა მთელი ცხოვრება ღალატობდა დედას.. მთელი სამყაროს სურათი ინგრევა!

როგორ ფიქრობთ, რა აქვს საერთო ამ ორ მაგალითს? - თავიდან გარკვეული იდეალიზაცია არსებობდა, ცხოვრება ვარდისფერი სათვალით იხილვებოდა – მაგრამ ეს სათვალე დაიმსხვრა, აუტანელი ტკივილი მოიტანა და ახალი ნეგატიური, ქვეცნობიერი პროგრამა ჩანერგა, რომელიც ამიერიდან ოჯახური ცხოვრების "მეჯლისს” უხემღვანელებს. რომ გაიზრდება, ასეთი ადამიანი ადვილად "ჩაუვარდება მკლავებში” ვინმეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აუცილებლად მოძებნის რჩეულში "აქილევსის ქუსლს” და დაუნდობლად გაწყვეტს ურთიერთობას.

ბავშვობაში ათვისებული სქემა – ხიბლს ნებდები, აიდეალებ, "ნამდვილ სახეს” აღმოაჩენ, მიდიხარ – მუშაობს. ქვეცნობიერი გკარნახობს: "თუ ადამიანი მოგწონს, არასდროს აღმოჩნდება ის, რაც გგონია, რადაც თავს ასაღებს; ყურაღებით დააკვირდი და შენიშნავ, რომ სინამდვილეში ნაძირალაა და პოტენციური მოღალატე".

დ) ღალატი, მუხთლობა, რომელიც ერთხელ მშობლების ოჯახში მოხდა (ან თაობებში მეორდებოდა), თავის მხრივ, ღალატის მემკვიდრეობით შიშს ბადებს.

ადამიანი წინასწარ, ურთიერთობის ჩამოყალიბებამდე, შესაძლოა მანამდეც, სანამ რჩეულს შეხვდება, დარწმუნებულია: რომ უღალატებენ. უფრო მეტიც, ამისკენ პარტნიორს თავად უბიძგებს: გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენს მიმართ განხორციელებულ ყველა ქმედებას გარკვეული იმპულსებით ჩვენ თავად ვუკეთებთ პროვოცირებას!

ე) გარდა ამისა, ღალატი ნერგავს მარტოობის შიშსაც, რომელიც ასევე ბლოკავს ოჯახის შემნის შესაძლებლობას. სქემა ასეთია: "მარადიული სიყვარული არ არსებობს, ადრე თუ გვიან საყვარელი ადამიანი მიღალატებს, ახალ სიყვარულს იპოვის, მიმატოვებს. მარტო დავრჩები დანამცეცებული გულით. სხვანაირად ვერ იქნება, ჰოდა, ამ ისტორიაში გარევა საერთოდ არ ღირს”...

3: ქ ვ ე ც ნ ო ბ ი ე რ ი ბ ლ ო კ ე ბ ი

თითქოსდა, ბედნიერი მშობლები შვილების პირადი ბედნიერების საწინდარია. ასეა – მაგრამ მთლად ასეც - არა! წყალქვეშა დინებები და ქვები აქაცაა...

იდეალიზება
მარტივი მაგალითი: დედის, მამის, მათი ქორწინების იდეალიზებით შვილი მომავალი მეუღლისთვის ისეთ თამასას აწესებს, რომ ასეთი როლისთვის, უბრალოდ, ვერავინ მოინახება... თავად დაფიქრდით, ვინ გაუწევს მეტოქეობას მამას, თუ ქალიშვილი მას ყველანაირი ღირსების ხორცშესხმად აღიქვამს?! შეუძლია რომელიმე რეალურ, მიწიერ გოგონას, დედასავით მშვენიერი აღმოჩნდეს – თუკი ვაჟიშვილი დედას ქალის იდეალად თვლის? არა, რა თქმა უნდა..

ოჯახი - უპირველეს ყოვლისა
კიდევ ერთი ჩიხი: ბედნიერ ოჯახში თავად ოჯახის ფასულობაც ძალიან ამაღლებულია. მამა ოჯახის გამო მუშაობს – და არა თვითრეალიზაციისთვის, არა იმისთვის, რომ შედგეს, როგორც შემოქმედი, პიროვნება და ა.შ. ოჯახი, მისი ინტერესები წინდაწინ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული მისი წევრი.

თუკი გახსოვთ პირადი სივრცის წრეების პრობლემა, ალბათ ისიც გემახსოვრებათ, ვინ უნდა იდგეს ცენტრში იმისთვის, რომ სისტემა ჰარმონიული და მდგრადი იყოს. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ცენტრში თავად თქვენ უნდა იდგეთ. არც ქმარი, არც ოჯახი – მხოლოდ თქვენ! როგორც კი ეს იცვლება, მთელი სისტემა ირღვევა. მოკლედ, როცა ოჯახის ფასულობა ზეამაღლებულია და ყველა წევრზე მაღლა დგას, ადამიანს ძალიან უძნელდება და ვერ ქმნის ნორმალურ ოჯახურ ურთიერთობებს...

ურთიერთობების გაწყვეტის გენეტიკური კანონი (ანუ დაუსრულებლობის კანონი) - მემკვიდრეობითი პროგრამა მაშინ ამუშავდება ხოლმე, როცა რამდენიმე თაობაში მეორდბა გაყრა. ბებო გასცილდა ქმარს, დედა გასცილდა მეუღლეს, იქმნება ბლოკი: ურთიერთობები უნდა გაწყდეს.

ასეთი პროგრამით ადამიანი ადვილად და ძალდაუტანებლად დაოჯახდება ხოლმე, მაგრამ ეს ქორწინება, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება: ამა თუ იმ მომენტში ურთიერთობა ირღვევა, ოჯახიც ინგრევა.

უღიარებლობის პროგრამა - შემდეგი პროგრამაა, რომლის ხსენებაც აუცილებელია:
უყალიბდება ადამიანს, რომლის ოჯახში ერთ-ერთმა მშობელმა მაინც მსხვერპლი გაიღო. ვთქვათ, დედამ როდესღაც უარი თქვა საკუთარ კარიერაზე ოჯახის გამო და მთელი ცხოვრება ახსოვს, რომ თავი ქმრისა და შვილის სამსხვერპლოზე დადო და ამის გამო დროდადრო წუხილს გამოხატავს.

თუ ადამიანი საკუთარ თავს რამისთვის მაინც "გაწირავს”, შინაგანად აღიარებს: არსებობს რაღაც ან ვიღაც, რაც (ან ვინც) ჩემზე, ჩემს ინტერესებზე, ჩემს ბედზე მნიშვნელავინიაო. უფრო ხშირად ასეთი ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ვინც საკუთარ სრულფასოვნებასა და უნიკალურობაში დარწმუნებულია, საკუთარ ბედზე უარს არ იტყვის! ბავშვს, რომელიც ამ პროგრამას იმემკვიდრებს, სჯერა, რომ თავისდათავად ის არავისთვისაა საინტერესო. სწორედ ამ აზრს უნერგავს ქვეცნობიერად გარშემომყოფებს – და ამიტომ არ შეუძლია ოჯახის შექმნა: დახატული ლამაზმანიც რომ იყოს, უბრალოდ, ყურადღებას არავინ მიაქცევს.

ძალიან ხშირად ეს პროგრამა "წყვილად დადის" კიდევ ერთ პროგრამასთან - წარუმატებლობის გენეტიკურ შიშთან.

მაგალითად: იგივე დედა, რომელმაც ერთ დროს თავი ოჯახს შეწირა, რა თქმა უნდა, თავს უიღბლოდ გრძნობს: როგორც პიროვნება არ შედგა, მისი ცხოვრებაც არ შედგა. ამ უიღბლოს პროგრამას ის შთამომავლობას გადასცემს. თამაში დაწყებულიც არ არის და კაცი უკვე დამარცხებულად გრძნობს თავს– როგორღა ააწყობს ურთიერთობას?! ამიტომ ოჯახის შექმნის შემთხვევაშიც კი არ არის კმაყოფილი ქოწინებით. თვლის, რომ მას, უიღბლოს, არ შეიძლება, რამე კარგი გამოუვიდეს!

ამ პროგრამას სხვაგვარი გაგრძელება და გათამაშებაც აქვს: ადამიანი აღარ შევა ახლო ურთიერთობაში, მისთვის ასეთი ურთიერთობა მსხვერპლად გადაქცევის წინაპირობაა. ერთად ყოფნა – ნიშნავს ინტერესების, თავისუფლების მსხვერპლად გაღებას. ისიც ეკითხება საკუთარ თავს, განა ღირს ამად ოჯახი?! და ოჯახის შექმნის შესაძლებლობა იბლოკება, როგორც იტყვიან, ჩანასახშივე. უბრალოდ, თვითგადარჩენისთვის.

* * *

დაახლოებით ასეთია (იხ. მახე მმაჩის ბიუროს გზაზე (1), გენეტიკური შიში, (2) კონფლიქტები) მემკვიდრეობით მიღებული ქვეცნობიერი პროგრამების საშუალოსტატისტიკური ნაკრები, რომელიც ადამიანებს პირადი ბედნიერებისკენ არ უშვებს: ბლოკავს, ან ანგრევს ურთიერთობებს.
კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 847 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz