მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 2024-11-28, 0:45 AM
მთავარი » 2011 » მაისი » 8 » მე+შენ=?
10:44 PM
მე+შენ=?

იქნებ გაიხსენოთ, სად და როდის დაგჭრათ ამურის ისარმა პირველად, საბავშვო ბაღში,
პირველ თუ მაღალ კლასებში? თუმცა, როცა არ უნდა მომხდარიყო ეს, მას შემდეგ გვჯერა,
რომ თუ სიყვარული მოვიდა, ბედნიერება არ აგვცდება; იმისაც გვჯერა, რომ ფორმულა -
”მე+შენ=სიყვარულს//ბედნიერებას” - შეუბღალავია. მაგრამ სიყვარულის ”მორწმუნეთა”
მწყობრ რიგს გუნდ-გუნდად ტოვებენ მავანნი დანისლული თვალებით და გვარწმუნებენ,
რომ სიყვარული არ არსებობს.

ამ დიდ იმედგაცრუებასა და სკეპტიციზმში დამნაშვედ ზღაპრებია აღიარებული. ხუმრობის გარეშე.
აღმოჩნდა, რომ სწორედ ზღაპრები აყალიბებენ ადამიანში (ქვეცნობიერ დონეზე) რეალობის
სტერეოტიპს. ზღაპარში კი ყველაფერი იმით თავდება, რომ მზეთუნახავი უფლისწულს ცოლად
მიჰყვება. მერე, ვითომ მოსაყოლიც არაფერია, "მერე” ხომ ერთი გაბმული ტკბილი თაფლობის
საუკუნეა. და არსად არასდროს თქმულა, რომ ლამაზმანი და უფლისწული, შესაძლოა,
”ერთმანეთს ხასიათით ვერც შეეწყვნენ!”

თქვენი კრედო?
დაფიქრებულხართ იმაზე, როგორია თქვენი მოსაზრებები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების სფეროში? ანუ როგორ როლს
განვუკუთვნებთ ჩვენ საკუთარ თავს ასეთ ურთიერთობებში? ამაზე ვერ დაფიქრდები შეყვარებულობის სტადიაში, სანამ ის "მთელ
ქვეყანაზე საუკეთესოა”, სანამ ახალია გრძნობა, ვნებასაც არ დაუკარგავს პირველი ხიბლი, ყველაფერი აღგაფრთოვანებს,
მამაკაცი კი ისე სულაც არ იქცევა, როგორც (და ეს მოგვიანებით მჟღავნდება)თურმე, შეუძილია, მოიქცეს. გადის დრო და დგება
ის დღე, როცა ქალი, თავის სტერეოტიპში ბოლომდე დარწმუნებული, გადაულახავ კედელს ეჯახება. ეს კედელი იმდენად მტკიცეა,
რამდენადაც მამაკაცი ჩათვლის, რომ ქალი მასზე დამოკიდებულ მდგომარეობაშია.

ერთი კაცი ეჭვიანობითა და საყვედურებით, აქაოდა სამსახურიდან ასე გვიან – 7-ზე კი არა 8-ზე - რატომ ბრუნდებიო, ცოლს
გულს უწამლავდა.. საქმე ის გახლდათ, რომ კაცს პროდუქტების ყიდვა წესად არ ჰქონდა, ეს მოვალეობა ქალის ვალდებულებათა
არზაში იყო. ამიტომაც სამსახურის შემდეგ ცოლი ბაზარში ან მაღაზიებში მიდიდოდა. ის, რომ მეუღლე სახლში დატვირთული
ბრუნდებოდა, პატარა სკანდალის მოწყობაში ქმარს ხელს არ უშლიდა.

ასეთ დროს აზრი არ აქვს იმაზე ჩივილს, რომ "მას” თქვენი არ ესმის! რაც თვითონ სჭირდება ხომ მშვენივრად ესმის?! კერძოდ:
ის, რომ თქვენი ქცევა ცდება დამოკიდებული, მორჩილი მდგომარეობის ფარგლებს; ჩარჩოს, რომელშიც მეუღლეს თქვენი
მოქცევა სურს. თუმცა მამაკაცის ამ რწმენაში, მის ასეთ დამოკიდებულებაში დამნაშევე... ქალია! ქალმა მისცა საშუალება ასეთი
წყობის ჩამოყალიბებას. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ”მთელ ქვეყანაზე საუკეთესო იყო”, პირველივე კონფლიქტმა
განსაზღვრა. შედეგი დამოკიდებულ მდგომარეობაზე ქალის ქვეცნობიერმა თანხმობამ გამოიწვია. ქვეცნობიერად თქვენ თანახმა
იყავით ასეთ მორჩილებაზე და ამ თანხმობამ ხორცი შეისხა.

ხსნადი ბედნიერება
ჩვენ შორის ძალიან ბევრს ბედნიერება ასე წარმოუდგენია: ვიპოვით ჩვენს მეორე ნახევარს, შევერწმებით მას და "მე” და "შენ” კი
არა, "ჩვენ” ვიქნებით.

რა არის "ჩვენ”? იდეალურ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მარტო არა ხარ, გაქვს სიყვარული და მხარი, რომელსაც შეგიძლია
უშიშრად დაეყრდნო. რეალურად კი, და სამწუხაროდ, უფრო ხშირად ეს არის ერთობა, რომელიც ერთი პიროვნების მეორეში
"გახსნის” გზით მიიღწევა. "სულისა და ხორცის” ასეთი შერწყმით  ერთ-ერთი პარტნიორი, როგორც პიროვნება, საერთოდ წყვეტს
არსებობას. უფრო ხშირად ეს "ხსნადი” პიროვნებები ქალები არიან ხოლმე.
ახლო ურთიერთობა ერთ პარადოქსს შეიცავს. ერთი მხრივ, ადამიანს ახასიათებს მცდელობა, საკუთარი თავის, როგორც
პიროვნების რეალიზება მოახერხოს. მეორე მხრივ, საყვარელ ადამიანთან ნამდვილი სიახლოვის მიღწევის იმედი აქვს. ზოგი
მოსაზრებით ერთდროულად ახლო ურთიერთობაშიც იყო და ინდივიდუალობაც შეინარჩუნო შეუძლებელია. ერთ-ერთი მხარე
მაინც კომპრომისზე უნდა წავიდესო. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია, როცა "მე” და "შენ”, დაახლოვებისა და
შეერთების შემდეგ ტანდემს ქმნის, რომელსაც ჰქვია: "ჩვენ”, პარტნიორები ერთმანეთის პიროვნულ სრულქმნას ეხმარებიან და
ერთმანეთის პიროვნულ საზღვრებში არ იჭრებიან.

რამდენი ქალია, რომელიც გათხოვდება თუ არა, ტოვებს სამსახურს, კარიერას, მეგობრებსაც კი? ისინი გაუთავებლად იმეორებს:
ჩვენ გავაკეთეთ ეს, ჩვენ ასე ვაპირებთო, თითქოს თვითონ აღარ არსებობს. ძალიან ხშირად დათმობა გაუცნობიერებლდ ხდება და
არა იმიტომ, რომ ასე სჯობს და სახლში ყოფნა შენი სიხარულია. ოჯახურ ასპარეზზე წარმატებაა მოტივი. ამ ასპარეზზე კი მარტო
საქმის მიტოვება და საკუთარი ინტერესების დათმობა არ წაადგება ბედნიერებას, უფრო - პირიქით, ავნებს: როდესმე აუცილებლად
დაიკვნესებს ქალი, რატომ შეველიეო ყველაფერს და არც მამაკაცები აფასებენ ხშირად ასეთ მსხვერპლგაღებას.

გააფთრებული დაცვა
არათანასწორი ურთიერთობა დაფარული ფსიქოლოგიური ძალადობაა. ძალადობა კი, თუ გინდ ლამაზი ვუალით შეფუთე, მაინც
ძალადობაა.  თითოეულ ჩვენგანს ადვილად შეუძლია, გაიხსენოს მეგობარი, რომელიც ქმრის ემოციურ მონობაშია.  სულ ისმის,
რომ ქმარი არ რეკავს, იგვიანებს, არ სწერს და ასე შემდეგ. ასეთ კავშირში ქალი უფრო ხშირად იმიტომ იტანჯება, რომ საკუთარი "მეს”  საზღვრები უკვე წაშლილი აქვს, ემოციურად გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, სიამის ტყუპივით ერწყმის მეუღლეს და როცა საჭიროა, აუცილებელ
საყვედურსაც კი არ ახმოვანებს: არიქა, არ გავაბრაზოო...

არადა ჯანსაღი ურთიერთობის უმთავრესი ფაქტორი - პარტნიორთან თანასწორუფლებიანი საუბრის უნარია. ცოლ-ქმარი ღიად და
გულწრფელად უნდა წყვეტდეს ძალაუფლებისა და მორჩილების, ძალისა და სისუსტის, ერთმანეთის გარკვეული  პიროვნული
საზღვრების ხელშეუხებლობის საკითხებს. პომპეზურად კი ჟღერს, მაგრამ, "სანამ ურემი გადაბრუნდება”, ეს ძალიან
მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, როცა საუბარი ბობოქარ გარჩევას დაემსგავსება და ხმამაღლა ირკვევა, ვინ ვინ არის, ქარიშხალს
ღირსეული და თანაბარუფლებიანი, ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული ურთიერთობის სიცხადე მოჰყვება. აი, სწორედ მაშინ და
მხოლოდ მაშინ სიყვარული ცრემლისა და ჩივილის ასოციაციას კი  არ შექმნის, არამედ, როგორც წესი და რიგია, ადამიანური
ბედნიერების ცნებას გაუტოლდება.

ფროიდის ბეჭედი
ცნობილია, ფსიქოანალიზის მამის ზიგმუნდ ფროიდის, ისტორია. როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, მოწაფეების
უმრავლესობასთან ძალიან არათანასწორი, ზედამდგომელის ზედამხედველური პოზიციიდან ასწავლიდა. კურსის დასასრული რომ
ახლოვდებოდა, ფროიდი მათ ბეჭდებს ურიგედა, ეს ბეჭდები ჯვრისწერისას ჰგავდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ რომელიმე სტუდენტი
მეტრს არ დაეთანხმებოდა, საკუთარ აზრს და იდეებს არ დათმობდა, ბატონი ზიგმუნდი ბეჭედს უკან იბრუნებდა. ასე მოხდა მისი
ყველაზე ცნობილი სტუდენტის - კარლ იუნგის შემთხვევაში. უმრავლესობისთვის კი ფროიდის ბეჭდის დაკარგვა კატასტროფის
ტოლფასი იყო.

ასეთი სახით ფროიდი მასზე საკუთარ ძალაუფლებას ამტკიცებდა და ამავე დროს შეუცვლელ დისტანციას ქმნიდა საკუთარ თავსა
და დაქვემდებარებულებს შორის. გავა წლები და ის ყოველთვის დარჩება დიდ მასწავლებლად, ისინი კი - მორჩილ მოწაფეებად.
ურთიერთობის ასეთი მოდელი, სანმწუხაროდ, "ორთა კავშირშიც” ფორმირდება და მე+შენ აღარც ჭეშმარიტ სიყვარულს უდრის
და, შესაბამისად, აღარც ბედნიერებას...

კატეგორია: გოგოებისთვის | ნანახია: 844 | დაამატა: George | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
="background:url('/syler/adm-bg.png')#E4E4E4;">
კომენტარის დამატება
Name *:
Email:
WWW:
Code *:
Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz