24 ივლისი-4 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია). 30 და 31 ივლისი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, ავსტრია-საქართველო. 5-7 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი): საქართველო, ესტონეთი, შვედეთი, NСAA-ს კლუბი. 8-11 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია). 12-14 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი ალმერეში (ჰოლანდია): საქართველო, ჰოლანდია, ისრაელი, NСAA-ს კლუბი. 15-20 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება თბილისში 16 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - საქართველო-ისრაელი (თბილისის სპორტის სასახლე). 22 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - ლატვია-საქართველო (რიგა, ლატვია). 24 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - ლატვია-საქართველო (შაულიაი, ლიტვა). 27 აგვისტო: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი - ლიტვა-საქართველო (ვილნიუსი, ლიტვა). 28-30 აგვისტო: საწვრთნელი შეკრება კლაიპედაში (ლიტვა).
მოსამზადებელი გეგმის გაცნობისას თვალშისაცემი ორი ამბავია. პირველი
-თბილისის მერიის თასის არგამართვა და მეორე - შეკრების დასკვნითი ეტაპის
ბალტიისპირეთში ჩატარება. კალათბურთის ფედერაციისა და თბილისის
მერიის ინიციატივით 2010 წელს საფუძველი ჩაეყარა მერიის თასის გათამაშებას,
რომელშიც შარშან ქართველების გარდა უკრაინა, ბელარუსი და რუმინეთი
თამაშობდნენ. ამ ტურნირის გამართვა წელსაც იგეგმებოდა, მაგრამ ვერ
მოხერხდა, რის მიზეზზეც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ
ლიპარტელიანმა ილაპარაკა: "წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით
უკრაინასთან და პოლონეთთან. შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილს ისრაელის
ნაკრებიც გამოთქვამდა. თუმცა, რადგან უკრაინა ჩვენს ჯგუფში მოხვდა, მასთან
ამხანაგურად დაპირისპირება მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ. პოლონეთის
კალათბურთის ფედერაციამ ბოლო მომენტში მოგვიბოდიშა - თბილისში ვერ
ჩამოვალთო. პოლონეთის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერაც ვაკანტურია.
ისრაელის ნაკრები თბილისში სათამაშიდ მზად რომ არის, ამას ისიც
ადასტურებს, რომ ჰოლანდიიდან ორივე ნაკრები ერთად გამოემგზავრება
საქართველოში და სპორტის სასახლეში 16 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს გამართავს.
შეიძლებოდა თბილისის ტურნირისთვის B დივიზიონელების (თუნდაც ბელარუსის)
მოწვევაც, მაგრამ ქვედალიგელები ოფიციალურ მატჩებს შედარებით ადრე
იწყებენ..." საქართველოს ნაკრები 12 მატჩს გამართავს, რაც
მოსამზადებელ ციკლში სარეკორდო მაჩვენებელია. იგორ კოკოშკოვის კრებული
ეთამაშება A დივიზიონის სამ, B ლიგის ოთხ და ამერიკის კოლეჯების ლიგის ორ
გუნდს. ყველაზე ძლიერი მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ლიტვაა,
რომელსაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე ვხვდებით და ბოლო
რეპეტიცია ნამდვილად გენერალური გამოვა. ლიტვა ერთადერთი ევროგრანდია,
რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე "დავეჭიდებით". საინტერესოა, თუ იყო ლიტვის
დარ სხვა გუნდებთან თამაშის ვარიანტი... "იტალიელებმა,
გერმანელებმა და პოლონელებმა დაგვპატიჟეს, - გვითხრა ფედერაციის
პრეზიდენტმა, - ამ ქვეყნებში გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე ბევრი
გრანდი ჩადის. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ნაკრების მწვრთნელ იგორ
კოკოშკოვთან შეთანხმებით რამდენიმე ტურნირზე უარი ვთქვით, რადგან დასკვნითი
ეტაპის გამართვა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვასთან მიახლოებულ
კლიმატურ ზონაში გვსურდა. 20 აგვისტოს ლიტვის მეზობელ ლატვიაში
ჩავალთ, 22-ში რიგაში ვითამაშებთ. შემდეგ ლატვიელებთან ერთად ლიტვის ქალაქ
შაულიაიში გავემგზავრებით და მეორე ამხანაგურ მატჩს იქ ჩავატარებთ. ბოლო
შეხვედრა კი ლიტველებთან ვილნიუსში იგეგმება (27 აგვისტოს), საიდანაც
საქართველოს ნაკრები კლაიპედაში გადავა. ევრობასკეტზე D ჯგუფის ყველა
შეხვედრა სწორედ კლაიპედაში იგეგმება. ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ
ბალტისპირეთში მანამდეც ჩავალთ: 5-7 აგვისტოს ესტონეთის საერთაშორისო
ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობ, ოფიციალურ მატჩებამდე
კალათბურთელები აკლიმატიზაციის სრულყოფილად გაივლიან". ვფიქრობთ,
გეგმასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავია. რაც შეეხება
შეკრებას, ბევრისთვის საინტერესოა, საქართველოს ნაკრები პირდაპირ ავსტრიაში
შეიკრიბება, თუ იგორ კოკოშკოვი შემადგენლობის შერჩევის მიზნით თბილისშიც
ჩაატარებს წინასწარ შეკრებას. "აქამდე იგორ კოკოშკოვთან
მოსამზადებელ გეგმებს, მატჩების განრიგს ვადგენდით. ეს საკითხი უკვე
მოგვარებულია. ახლა უშუალოდ მწვრთნელის გეგმებზე დავილაპარაკებთ. აპრილის
ბოლოსთვის კიდევ არაერთი ნიუანსი დადგინდება და ისიც გაირკვევა იგორ
კოკოშკოვი ავსტრიულ შეკრებამდე თბილისში ჩამოვა, თუ გაფართოვებულ
შემადგენლობას ავსტრიაში იახლებს. შესაძლოა, მან შტაინბურნში 18
კალათბურთელი იხმოს, ისინი საკონტროლო მატჩებში შეაფასოს და ნელ-ნელა
ოპტიმაულრი შემადგენლობა შეარჩიოს. ევრობასკეტზე 14 კალათბურთელი წავა,
საიდანაც ყოველი მატჩისთვის თორმეტეული შეირჩევა". შეიძლება, ჯერ
ნაადრევია, მაგრამ მაინც საინტერესოა, ნატურალიზებული კალათბურთელებიდან
14-კაციან სიაში რომელი, ან რამდენი მოხვდება. "ეს იგორ კოკოშკოვს
ჩვენც ვკითხეთ, რადგან შემადგენლობის შერჩევა მისი გადასაწყვეტია. ტორინ
გრინი, ტაირონ ელისი და ქუინტონ ჰოსლი... ამ სამი ნატურალიზებულიდან
რამდენი ითამაშებს ნაკრებში და ვინ იქნებიან, იგორ კოკოშკოვი აპრილში
გვეტყვის. რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებს, მოსამზადებელი ციკლის გეგმა
ყველას გავუგზავნეთ", - დასძინა ბესიკ ლიპარტელიანმა.
|